კომპანია Netflix-მა მსახიობები, რომლებიც აშშ-ს სტუდიების გადაღებებში არიან ჩართულნი და ასევე თანამშრომელთა ნაწილი დაავალდებულა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.
ვალდებულება ასევე ვრცელდება მათზე, ვისაც მსახიობებთან გადასაღებ მოედანზე კონტაქტი აქვთ. ახალი სტანდარტები ტელევიზიისა და კინოს პროდიუსერთა ალიანსთან და კინომსახიობთა გილდიასთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთანაა შეთანხმებული.
გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, გამონაკლისები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დაიშვება და ვაქცინაციაზე უარის თქმის შესაძლებლობა ადამიანებს ექნებათ სამედიცინო, რელიგიური ან ასაკობრივი მიზეზებით. ახალი რეგულაცია არ შეეხება სერიალებსა და ფილმებს, რომლებიც უკვე არის წარმოებაში.
Netflix-ი გახდა ჰოლივუდის პირველი მსხვილი სტუდია, რომელმაც მსგავსი ზომა აამოქმედა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-ში დელტა-ვარიანტის გავრცლეების გამო მიიღო. ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები მოსახლეობას, მათ შორის სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, მოუწოდებენ, შენობებში პირბადეები ატარონ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიურად დაძაბულ რეგიონებში. უწყება ნიღბების სავალდებულო ტარებისკენ მოუწოდებს სკოლებსაც.
28 ივლისს Google-მა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები ოფისში დაბრუნების წინ კოვიდზე უნდა აიცრან. მათ, ვინც ჯერ დისტანციურ მუშაობას განაგრძობს, ამ რეჟიმზე დარჩენა 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. ოფისებში დაბრუნების პირობად სავალდებულო ვაქცინაცია გამოაცხადა Facebook-მაც.