მთავარი » მსოფლიო » “ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება”

“ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება”

ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ განშტოებებით და თავიდან აიცილონ მოგვიანებით უფრო მკაცრი ზომების დაწესება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა შემოდგომასა და ზამთარში, რადგან “ომიკრონის“ ქვევარიანტი, BA.5, აგრძელებს სწრაფად გავრცელებას.

მან ხაზი გაუსვა „პანდემიის სტაბილიზატორების“ ამოქმედების საჭიროებას, როგორიცაა მეორე „ბუსტერ“ დოზა, ასევე პირბადეების გამოყენება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.

„ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის „ლოქდაუნისთვის”, – აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, ვირუსი არსად გამქრალა, ის ვრცელდება და მუტაციას განიცდის.

„ხალხი ხანდახან კითხულობს: „დაბრუნდა ვირუსი?” ის არასოდეს გამქრალა. ჯერ კიდევ არსებობს, ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ სიცოცხლეს იწირავს“, – აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, ევროპაში, გასულ კვირას, კოვიდ 19-ის სამი მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გლობალური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. იმავე პერიოდში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაორმაგდა, ვირუსს კი ყოველ კვირას დაახლოებით 3000 ადამიანი ეწირება.

 

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაცია

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …