მთავარი » მსოფლიო » ევროპაში კოვიდ-19-ის ახალ ტალღას ელოდებიან: შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო

ევროპაში კოვიდ-19-ის ახალ ტალღას ელოდებიან: შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო

ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც უფრო ცივი და ნესტიანი ამინდებია, კოვიდ 19-ის  გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იზრდება. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს და აღნიშნავს, რომ ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის სტატისტიკა დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი მოდელირება კორონავირუსის ახალი ტალღის მოახლოებას ადასტურებს, რომელიც ოქტომბრის შუა პერიოდში დაიწყება. პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს, რომ ამ ტალღის პირველი ნიშნები უკვე არის.

კერძოდ, ბელგიამ განაცხადა, რომ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 17%-ით გაიზარდა, ჰოსპიტალიზაცია კი 4%-ით.

დანიის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემებით ინფიცირების მასშტაბები, რომელიც წინა პერიოდში მცირდებოდა, ამ ეტაპზე დასტაბილურდა, ზოგიერთ რეგიონში კი იზრდება კიდეც.

ინსტიტუტმა ასევე განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ერთი კვირის განმავლობაში 6%-ით მოიმატა.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, დაავადების შემთხვევები ერთ კვირაში 13%-ით გაიზარდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 17%-ით.

პოლიტიკო“ ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის რეგიონული ორგანოები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე თვეა აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ცივ სეზონზე მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა. ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს ზეწოლის გაძლიერება ჯანდაცვის სისტემებზე, განსაკუთრებით სხვა რესპირატორული ვირუსების აფეთქების პირობებში – პირველ რიგში, საუბარია გრიპის ვირუსზე.

„მართალია, კორონავისურით დაავადების შემთხვევები ჯერ კიდევ ცოტაა, თუმცა ბოლო შვიდი დღის მონაცემები მიანიშნებს ჰოსპიტალიზაციისა და დადებითი ტესტების ზრდაზე,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს სამედიცინო მრჩეველმა სიუზან ჰოპკინსმა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …