მთავარი » ჯანდაცვა » ესთეტიკური დაწესებულებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება.

ესთეტიკური დაწესებულებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება,“ –

აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა. ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის.

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისთვის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული: moh.gov.ge 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციის გავრცელების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე,მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით,“ – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

მანვე მკურნალობის პროცესში ჩართული და მომლოდინე პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა.

„ამ დროისთვის პროგრამაში 24.000 ადამიანია რეგისტრირებული, განკურნების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …