მთავარი » ჯანდაცვა » ეს საგანგაშოა – „კომერსანტის“ პერსონალური შეკითხვები დავით სერგეენკოს
IDFI მორიგი საგანგაშო კვლევა გამოაქვეყნა, ამჯერად ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით.კომერსანტი დავით სერგეენკოს პერსონალური შეკითხვებით მიმართავს.

ეს საგანგაშოა – „კომერსანტის“ პერსონალური შეკითხვები დავით სერგეენკოს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მორიგი საგანგაშო კვლევა გამოაქვეყნა, ამჯერად ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად, 2015 წლის I კვარტალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი 314%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საავადმყოფოები მეტი თანხის მისაღებად ახდენენ პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურ დამძიმებას.

რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრს მსგავს თემაზე აღიარების გაკეთება მოუწია: არაერთი სპეციალისტის განცხადების და გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ დავით სერგეენკომაც აღიარა, რომ საქართველოში ექიმები საკუთარ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ და პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტს უწერენ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის მსგავს აღიარებას ნებისმიერი მეტ–ნაკლებად განვითარებული საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა. საქართველოში კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ პოლიტიკოსების გამონათქვამებითაა დაინტერესებული, მინისტრის ეს საგანგაშო განცხადება მალევე დაივიწყეს.

„კომერსანტის“ გუნდისთვის კი ჯანდაცვის მინისტრის აღიარებული ფაქტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ამიტომ ეს თემა ჩვენს მედია–საშუალებებში აქტუალობას არ კარგავს. საკითხის გაშუქება დავით სერგეენკოს განცხადებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ.

ჩვენთან საუბარში პაციენტები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და თავად მედიკოსებიც აცხადებენ, რომ ქართველი ექიმების „დამსახურებით,“ ფინანსური დაინტერესების მოტივით, პაციენტების უმრავლესობა საჭიროზე მეტ წამალს იღებს. ტენდენცია იმდენად გამჯდარია ქართულ საექიმო პრაქტიკაში, რომ უკვე ნაციონალური მასშტაბის პრობლემად იქცა.

სახელმწიფო კი, იმის ნაცვლად, რომ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს, ექიმების შეცდომების მიმართ უკიდურესად ლოიალურია: ბოლო წლებში ექიმების ბრალეულობით არაერთი ლეტალური შემთხვევა მოხდა, მაგრამ არ დაფიქსირებულა ექიმის შესაბამისი პასუხისმგებლობის ფაქტი. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ექიმების ბრალეულობით ფატალური შემთხვევის დადგომაზე მხოლოდ მსუბუქი რეაგირებით, მაქსიმუმ ლიცენზიის ორ–სამთვიანი შეჩერებით შემოიფარგლება.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ, ექიმების არაპროფესიონალიზმით ან გადაცდომით გამოწვეული, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილიანობის ფაქტები მინიმუმამდე დაიყვანონ.

საქართველოში კი არცერთი ხელისუფლების დროს, ჯანდაცვის სამინისტრო ამ რეალობას თვალს არ უსწორებს და პრობლემის უგულვებელყოფას ახდენს. წლების განმავლობაში ასეთი დამოკიდებულების შედეგი გახდა არაეფექტური მკურნალობებით გამოწვეული დაავადებების მაღალი დონე.

ამას ახალი პრობლემა ემატება, რომელიც IDFI–ის კვლევამ სტატისტიკით დაადასტურა: კლინიკები პაციენტის მდგომარეობას ხელოვნურად ამძიმებენ და უნიშნავენ მკურნალობას, რომელიც მათვის სრულიად არ არის საჭირო. ყოველივე ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით კეთდება. თავად სახელმწიფო კი ამ პრობლემაზე დუმს.

ამიტომ, „კომერსანტი“ დავით სერგეენკოს პერსონალურად მიმართავს რამდენიმე შეკითხვით:

  • როგორ ფიქრობთ, შედის თუ არა აღნიშნულ პრობლემებზე რეაგირება თქვენს უფლება–მოვალეობებში?
  • აპირებთ თუ არა და როგორ აპირებთ თქვენს მიერვე აღიარებული პრობლემის რეალურ მოგვარებას?
  • აღიარებთ თუ არა კლინიკების მიერ პაციენტების მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმების ტენდენციას და როგორ გეგმავთ მის მოგვარებას?
  • თვლით თუ არა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში ვითარდება?

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საკითხი ეხება ნაციონალური მასშტაბის პრობლემას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ვითარების გამო საზოგადოების ჯანმრთელი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …