საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა, მედიკოსებმა და ექსპერტებმა.
გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებასა და ეფექტურობაზე საუბრობს გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერიც და მზად არის დაეხმაროს საქართველოს და გაუზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დაუგროვდა:
„ამ ქვეყანაში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად“.
ირაკლი სასანია, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვან მიღწევად მიჩნევს და აღნიშნავს, რომ რთულია ასეთი ცვლილებები ისეთ მცირე დროში მოხდეს, როგორც ჯანდაცვის სისტემის რეფორმა განხორციელდა.
„ასეთ წარმატებას მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. რეფორმები, როგორც წესი, დეკადები შეიძლება გრძელდებოდეს და მათი შედეგი არ იყოს იმდენად თვალნათელი, როგორც ჯანდაცვის რეფორმის შემთხვევაში მოხდა. რეფორმაში ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლას, რომელიც არის უზარმაზარი მიღწევა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია პირდაპირ ჩვენნაირი ქვეყნებისათვის და ჩვენ ვართ ფლაგმანი იმ მხრივ, რასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ძალიან მცირე დროში.
ასევე უზარმაზარი მიღწევაა, რომ პრაქტიკულად უკვე მოხდა C ჰეპატიტის ელიმინაცია. ეს იყო უზარმაზარი პრობლემა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური კუთხით. სწორედ ეს ორი პროგრამა მიმაჩნია ყველაზე წარმატებულად, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასევე მათ სოციალურ სტატუსზე“.
ექსპერტი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსაც შეეხო და მიაჩნია, რომ უფრო მეტი ყურადღება სამედიცინო მომსახურების ხარისხს უნდა მიექცეს.
„საინტერესოა, რამდენად პასუხობს აღნიშნული მომსახურება თანამედროვე რეგულაციებს და სტანდარტებს. შესაბამისად, უნდა იყოს კონტროლი თითოეული ლარისა, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება გამოყოფილი, რომ აღნიშნული ფინანსური რესურსი ნამდვილად მიდის მოსახლეობამდე. ალბათ, ეს იქნება შემდეგი წლის გამოწვევები“.
რაც შეეხება „გლობალური ალიანსის“ მონაწილეობასა და ჩართულობას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ირაკლი სასანია დადებითად აფასებს და მნიშვნელოვანს უწოდებს მათ რეკომენდაციებსა და ხედვებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მიმდინარეობაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება. საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის მოდელი გავს ჩვენს სოციალურად ორიენტირებულ მოდელს. შესაბამისად, მათი გამოცდილება უზარმაზარია და საუკუნეებს ითვლის.
რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, რომლის რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს, ეს რგოლი უნდა იყოს ხერხემალი მთლიანი სისტემის. პირველადი რგოლი მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მათი პრევენცია. შემდგომში აღნიშნული რგოლი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამედიცინო დანახარჯების შემცირების საკითხში“.