ჟურნალი Jama Oncology საინტერესო კვლევას აქვეყნებს. შედეგებმა სულ მალე შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობაში რევოლუციური გადატრიალება მოახდინოს, ათასობით პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის შენარჩუნების საშუალება, რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თავიდან აცილების და დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში რეგულარული შემოწმებებისგან თავის დაღწევის საშუალება მისცეს.
საერთაშორისო ექიმების გაერთიანებამ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური დაავადებების კლასიფიკაცია მოახდინა. კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური პაპილარული კარცინომა, კვლევის მიხედვით მთლიანად შემოსაზღვრულია ბოჭკოვანი ქსოვილის კაფსულით. მართალია ბირთვი სიმსივნის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა გადაგვარებული და საზიანო უჯრედები მხოლოდ კაპსულის შიგნით არის და მათი გავრცელება არ მომხდარა.
კვლევის შედეგად არის მოსაზრება, რომ ამ ტიპის სიმსივნის დასახელებიდან სიტყვა კარცინომა ამოიღონ და ის ფარისებრი ჯირკვლის არაინვაზიური ფოლიკულარული პაპილარული ბირთვული თვისებების მქონე სიმსივნურ წარმონაქმნად შერაცხონ.
კიბოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის კლასიფიკაცია დაგვიანებულიც კია. მათი განცხადებით, წლების განმავლობაში იყო საუბრები, რომ განესხვავებინათ მკერდის, ფილტვის და პროსტატის მცირე ზომის წარმონაქმნები სიმსივნურისგან და ტერმინი სიმსივნე ამ ტიპის წარმონაქმების დახასიათებიდან საერთოდ ამოეღოთ.
მათივე თქმით, ჯერ კიდევ 1998 წლიდან მოყოლებული, საშარდე გზების, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნური წარმონაქმნების კლასიფიცირება მოხდა, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიღებას 2 ათწლეული დასჭირდა.
,,თუ ეს არ არის კიბო, მოდი ნუ მოვიხსენიებთ მას ამ სახელით“ – ამბობს ექიმი ჯონ მორისი ამერიკის ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის პრეზიდენტი და მაიოს კლინიკის მედიცინის პროფესორი. საინტერესოა, რომ ექიმი მორისი, ზემოხსენებული ექიმთა საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა.
ექიმი ბარნეტ კრამერი კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის, კიბოს პრევენციის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხშირად ტერმინები მიუთითებენ, რომ ჩვენ კიბოს ბიოლოგიური თავისებურება არ გვესმის.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში, ფარისებრი ჯირკვლის კაპსულაში ჩასმული სიმსივნური წარმონაქმის მკურნალობა უკვე ნაკლებად აგრესიული მეთოდებით მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის ნორმა დანარჩენი მსოფლიოსთვის.
კოლორადოს დენვერის უნივერსიტეტის სამედიცინო პროფესორი ბრაიან ჰოგენი ამბობს, რომ სიტყვა სიმსივნის გამოყენება,როდესაც ეს არ ეხება სიმსივნეს, ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.
ფარისებრი ჯირკვლის კაპსულაში მოთავსებული სიმსივნური წარმონაქმნის კლასიფიკაციის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ექიმ იური ნიკიფოროვს, პიტსბურგის უნივერსიტეტის პათოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, 19 წლის გოგონას ფარისებრი ჯირკვლის კაპსულაში მოთავსებული წარმონაქმის შესახებ აზრი ჰკითხეს.
ექიმი ნიკიფოროვი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაერწმუნებინა, რომ არაინვაზიური წარმონაქმნები კიბოდ არ მოენათლათ და მკურნალობის სხვა მეთოდი აერჩიათ. თუმცა ექიმისთვის 19 წლის გოგოს ეს შემთხვევა კულმინაცია გახდა.
,,მე მივმართე ქირურგს, ჩემ ძალიან კარგ მეგობარს – ეს არის ძალიან პატარა სიმსივნური წარმონაქმნი. არანაირი ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. თუმცა მეგობარმა ქირურგმა დაიჟინა, რომ აღიარებული საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით აუცილებელი იყო წარმონაქმნის ნაცვლად მთელი ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა და მკურნალობის რადიოაქტიური იოდით გაგრძელება.
მაშინ მივხვდი, რომ ვიღაცას ხმა უნდა ამოეღო და ამ გიჟური მიდგომის შეჩრების გადაწყვეტილება მიეღო“- ამბობს ნიკიფოროვი.
იური ნიკიფოროვმა პათოლოგიის დარგში მომუშავე 24 ექიმი, 2 ენდოკრინოლოგი, ქირურგი და ფსიქიატრი შეკრიბა. ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე პაციენტის შემთხვევა მოიძია. მათგან ნაწილს ფარისებრ ჯირკვალში კაფსულაში მოთავსებული წარმონაქმნი ჰქონდა, დანარჩენის შემთხვევაში კი კაპსულა გაირღვა და მავნე უჯრედებმა გარეთ გამოღწევა მოახერხეს. კაფსულაში მოთავსებული წარმონაქმნის მქონე პაციენტებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში კიბოს არანაირი ნიშანი არ გაუჩნდათ. მათ კი ვის შემთხვევაშიც კაფსულა დარღვეული აღმოჩნდა, მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლე სიკვდილით დაასრულეს.
მაგრამ თუ ეს წარმონაქმნები სიმსივნესთან არ ასოცირდება, მაშინ რა სახელი უნდა დავარქვათ მათ?
ექიმი გრიგორი რანდოლფი, მკვლევარ ექიმთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ მათ სავარაუდო სახელების 10-მდე ვარიანტი ჰქონდათ. საბოლოოდ კი არჩევანი სიტყვაზე NIFTP-ზე შეაჩერეს, რაც ფარისებრი ჯირკვლის არაინვაზიური ფოლიკულარული პაპილარული სიმსივნური წარმონაქმნის აბრევიატურაა (Non-invasive Follicular Thyroid Neoplasm with Papillary-like Nuclear Features).
კვლევის იდეის ავტორი, ექიმი ნიკიფოროვი მიიჩნევს, რომ მისი, როგორც ექიმის მორალური ვალდებულებაა, არაინვაზიური კაფსულაში მოთავსებული ,,კიბოს“ მქონე პაციენტებს გააგებინოს, რომ ისინი უკვე ონკოლოგიური პაციენტების რიცხვს აღარ მიეკუთვნებიან. პიტსბურგის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ნიკიფოროვი, ჯგუფთან ერთად გეგმავს მოიძიოს ყველა ამ ტიპის პაციენტის საკონტაქტო ინფორმაცია და გააგებინოს, რომ რეგულარული შემოწმებაზე აღარ მივიდნენ. ნიკიფოროვის თქმით, მხოლოდ პიტსბურგის სამედიცინო ცენტრს წლის განმავლობაში 50-დან 100-მდე ასეთი პაციენტი ჰყავს.