ვიტამინების ცნობილი ნაკრებების, „მულტი ტაბსისა“ და Centrum-ის მწარმოებელი რუსეთში აღნიშნული პროდუქციის შეტანას წყვეტს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „ერ ბე კა“ ავრცელებს.
GSK ასევე ამცირებს პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების ასორტიმენტს, რომელსაც Paradontax-სა და Sensodyne-ს სავაჭრო ნიშნებით უშვებს.
ამასთან, „ტერაფლუსა“ და „ვოლტარენის“ მწარმოებელი კომპანია არ წყვეტს აუცილებელი, ურეცეპტო წამლების მიწოდებას.
„ჩვენ აღარ შევიტანთ საკვებ დანამატებსა და ვიტამინებს“ – განაცხადეს ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიაში და აღნიშნეს, რომ აგრძელებენ რუსეთში წამლებისა და ვაქცინების შეტანას.
GSK-ში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებაში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, პრიორიტეტი მიენიჭება ადამიანების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქციას ისე, რომ სანქციები დაცული იქნება.
მანამდე GSK-მა განაცხადა, რომ უარს ამბობს რუსეთის ბაზარზე სარეკლამო საქმიანობაზე და ამ ქვეყანაში მიღებულ შემოსავალს ჰუმანიტარული დახმარების მიზნებისთვის გაიღებს. კომპანიამ ასევე უარი თქვა ახალ კლინიკურ კვლევებზე, უკვე დაწყებულ კვლევებში კი ახალ მონაწილეებს აღარ ჩართავს.
GlaxoSmithKline რუსეთში 1989 წლიდან მუშაობს და აწვდის მას რეცეპტორულ და არარეცეპტორულ მედიკამენტებს, ასევე აწარმოებს ვაქცინებს. პროდუქტებს შორის, რომელთა რუსული ბაზრისთვის მიწოდებას კომპანია არ წყვეტს, არის სიცხის დამწევი „ტერაფლუ,“ ცხვირის სპრეი „ოტრივინი,“ ანთების საწინააღმდეგო გელი „ვოლტარენი,“ ანტიჰისტამინური პრეპარატი „ფენისტილი,“ ასევე Paradontax-ის, Sensodyne-სა და Aquafresh-ის კბილის პასტები.
რუსული „კომერსანტი“ კი ქვეყანაში Acuvue-ს ლინზების დეფიციტზე წერს.
აღნიშნულ ლინზებს ამერიკული Johnson & Johnson-ი აწარმოებს. მარტის ბოლოს მან რუსეთის ბაზრისთვის პირადი ჰიგიენის საგნების მიწოდების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, თუმცა ლინზებს ეს არ ეხებოდა. დეფიციტს კი რუსეთის ოპტიკური ქსელების წარმომადგენლები გაზრდილი მოთხოვნით ზრდიან.