მთავარი » ჯანდაცვა » ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ბენეფიციართა ასაკი 40 წლამდე გაიზარდა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის მიხედვით დასაფინანსებელ ბენეფიციართა ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე გაიზარდა. გაზრდილია ასევე პაციენტის დაფინანსებაც.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ბენეფიციართა ასაკი 40 წლამდე გაიზარდა

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის მიხედვით დასაფინანსებელ ბენეფიციართა ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე გაიზარდა.

როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გარდა ბენეფიციართა ასაკისა, ამ პროგრამაში მოხვედრილი თითოეული პაციენტის დაფინანსებაც გაიზარდა.

„ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის გამოყოფილია 2 მილიონი ლარი. თუ შარშან თითო პაციენტზე გამოყოფილი იყო 200 000, წელს დაფინასება 265 ათასამდე იქნება შესაძლებელი. დაფინასებით წლის განმავლობაში სარგებლობა 10 ადამიანს შეეძლება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გარდა აღნიშნული პროგრამებისა, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტში გაწერილია პროგრამები აუტისტი ბავშვებისათვის. 1 მარტიდან ამოქმედდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო პროგრამა. გარდა ამისა, საკრებულო მოხუცებისათვის შინმოვლის პროგრამას, ბავშვებისათვის კი სქოლიოზისა და ბრტყელფიანობის პროგრამას ახორციელებს.

„შარშან 6 თვე პილოტური გვქონდა აუტიზმის პროგრამა, წელს გავზარდეთ პროგრამის დაფინანსება 1 200 000- მდე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ბავშვი მოვიცვათ, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება, მაგრამ გვაქვს იმის პრობლემა, რომ მოსამზადებელია ის პერსონალი, რომელიც ამ აუტისტ ბავშვებს კომპლექსურ რეაბილიტაციაში დაეხმარება. ჩვენ ესეც გათვალისწინებული გვაქვს და ამ ადამიანებსაც მოვამზადებთ.

იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო პროგრამა. ამისათვის 500 000 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული. ეს პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება. მანამდე კი დაწვრილებით გაიწერება, თუ ვის გაეწევა ეს დახმარება.

ასევე ხორციელდება შინმოვლის პროგრამა რომლის ბიუჯეტიც გაიზარდა 706 000 ლარის ოდენობით. ეს ეხება 65 და 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს, რომლებსაც შინ მოვლა და ექიმისა და ექთნის ადგილზე მომსახურება სჭირდებათ. ეს დაახლოებით 2 000 ბენეფიციარზეა გათვლილი.

ეს პროგრამა როგორც სოციალურად დაუცველ, ისე სხვა მოქალაქეებსაც ეხებათ, მაგრამ სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსებას მიიღებენ, სხვა მოქალაქეები კი – 70%-ით.

მნიშვნელოვანი პროგრამაა სქოლიოზისა და ბრტყელფიანობის შესახებ. 500 000 ლარით ფინანსდება 4-15 წლამდე ბავშვების სქოლიოზისა და ბრტყელფიანობის მკურნალობა. მკურნალობა 100% -ით დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველებს, 70 % – ით დაუფინანსდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ამ კატეგორიაში არ არიან“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …