მთავარი » ჯანდაცვა » ძუძუს კიბოს შესახებ ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი“ გაიმართა
ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო გზაა კიბოს თავიდან ასაცილებლად, აქედან გამომდინარე, მერია მომავალშიც გააგრძელებს სკრინინგის პროგრამის მხარდაჭერას.

ძუძუს კიბოს შესახებ ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი“ გაიმართა

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“ ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი“ გაიმართა.

შეხვედრაზე დამსწრე ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოსახლეობას სკრინინგის პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდეს.

„ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიციას – გაზარდოს სკრინინგის პროგრამებით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევების ხელმისაწვდომობა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ უკვე დღეს, აღნიშნული სერვისების მიღება თბილისში 25 ხოლო რეგიონებში 45-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი“, -განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობას მერია შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, უფასოდ მიიღოს სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. კერძოდ, ძუძუს გამოკვლევა 40-70 წლის ქალბატონებში, საშვილოსნოს ყელის 25-60 წლის, 50-70 წლის კი, მსხვილი ნაწლავისა და პროტატის უფასო გამოკვლევები.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, თბილისში სკრინინგ ცენტრის ორივე ფილიალში, შესაძლებელია C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ტესტირების უფასოდ ჩატარება.

ღონისძიებას დაესწრნენ ქალბატონები, რომლებთან მიმართებით დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მოხდა და სწორედ აღნიშნულის შედეგად, მათ ძუძუს კიბოს დამარცხება შეძლეს. 

„ძუძუს კიბო არ არის განაჩენი! ამის თქმის საფუძველს გვაძლევენ აქ შეკრებილი ქალბატონები, რომელთაც დროულად ისარგებლეს სკრინინგის პროგრამებით, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე და ის დაამარცხეს. მათ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო გზაა კიბოს თავიდან ასაცილებლად, აქედან გამომდინარე, მერია მომავალშიც გააგრძელებს სკრინინგის პროგრამის მხარდაჭერას“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და დედაქალაქის მოსახლეობას სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.

სკრინინგის პროგრამა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას „ვარდისფერი ოქტომბერი“, ასევე, დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე,თბილისის მერის მეუღლე თიკა თინიკაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჩეხეთის, აშშ-სა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები.

news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …