საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ჯერ ბალანსი არ არსებობს – ამის შესახებ CENN – ის გარემოს დაცვის პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი „კომერსანტთან” აცხადებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მერვე მინისტერიალზე „გარემო ევროპისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით – შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების “მწვანე აქტივობებს”, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს “მწვანე ტრანსპორტსა” და “მწვანე შენობებს” და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.
რეზო გეთიაშვილის განმარტებით, „მწვანე ეკონომიკა” გულისხმობს ერთგვარ ბალანსს გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის და ეს აუცილებლად დაკავშირებულია ერთმანეთთან.
მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოგიკა იყო გამოყენებული, როდესაც ბალანსის დარღვევა ხდებოდა და ჯერ ეს ბალანსი ვერ ვიპოვეთ. იყო მოსაზრება, რომ ჯერ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და შემდეგ დავამკვიდროთ სტანდარტები, რაც აქვს ევროპას, რაც გეთიაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო მაგალითებმა აჩვენა, რომ არასწორი მიდგომაა.
დღეს ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხებში მწვავე პრობლემებს შორის, არასამთავორბო სექტორის წარმომადგენელი ბუნებრივი რესურსების მართვას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, თუმცა ეს მაქსიმუმი აუცილებლად უნდა გადიოდეს იმ ზღვარზე , რომ მომავალ თაობებს აუცილებლად ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო და ზიანი არ მივაყენოთ ბუნებრივ გარემოს.
რეზო გეთიაშვილის თქმით, ტყეების მართვა ასევე პრობლემური საკითხია. საქართველოს ტერიტორიის 40% სწორედ ტყეს უკავია, თუმცა დღეს ტყეების მთავარი ფუნქცია მოსახლეობის გათბობაა და სხვა არაფერში ვიყენებთ.
CENN – ის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს მთავრობის ხედვა სწორია, მაგრამ ერთია ნათქვამი და მეორე თუ რა გაკეთდება რეალურად. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს მეტი ბიუჯეტი, მეტი თანხა და ეს ყველაფერი გამოვლინდება როდესაც იქნება შედგენილი ბიუჯეტი და განხორციელდება რეფორმები. გეთიაშვილი დასძენს, რომ „მწვანე ეკონომიკა” ეს არის პრიორიტეტის მინიჭება გარემოს დაცვისთვის.
„დღეს ჩვენ ვიხდით მილიარდებს ჯანმრთელობაზე და არაფერს ვიხდით გარემოში, თუ ჩვენ გადავიხდით ამის მეათედს და მეასედს გარემოს დაცვაში, ხვალ აღარ მოგვიწევს მილიარდების ჯანმრთელობაზე დახარჯვა”- დასძენს გეთიაშვილი.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა სამინისტროში, რომელსაც ფუნქციები დაკარგული ჰქონდა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფეხზე წამოდგა. ბითაძე ამბობს, რომ დღეს რეგიონში ლიდერები ვართ, ვნერგავთ გარემოს დაცვის განათლებას სკოლამდელ დაწესებულებებში და ასევე სამაგისტრო პროგრამები დაიწყება გარემოს დაცვითი პოლიტიკის მიმართულებით, რაც, მისივე თქმით, უპრეცედენტოა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით დადებითად არის შეფასებული გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივები. მაია ბითაძის თქმითვე, მთავრობისთვის პრიორიტეტია მდგრადი განვითარება, „მწვანე ეკონომიკა.” რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსები უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული.