შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გახსნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. პერინატალური რეგიონალიზაციის კონცეფციის და მისი განხორციელების შესახებ მოკლე პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გააკეთა. აჭარის რეგიონში რეფორმის განხორციელების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებები იქნება.
კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადილე ლევან გორგილაძე და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმებიც დაესწრნენ.
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.
რეფორმა ასევე გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) მინიჭებას თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით.
ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო.