საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადასაცემი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პერსონალის მომავალ სამუშაო გარემოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან, დავით ტორუასთან და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. ახალგარემონტებულ შენობაში, 90კვ. მეტრ ფართობზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო, მოსასვენებელი, სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი – სულ 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაც აღიჭურვება.
ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა.