საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს.
„თავისთავად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იმხელა მასშტაბისაა, ჩვენ მართლაც დიდი ბედნიერება გვხვდა წილად, რომ შევძელით ამ პროექტის განხორციელება. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება თავმდაბლად და მორიდებულად ვიყო, არ შევახსენო ხშირად მოსახლეობას ამის შესახებ და არ დავამადლო იმ ხალხს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ ამ პროექტის წყალობით.
მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელობას და ფუძემდებლობას. გავეცანი ბოკერიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას- თურმე 2012 წელს უკვე გადაწყვეტილი და მიღწეული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მთავრობას ეს მზაობა და შედეგი.
შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის მედიკამენტი, ასპარეზზე გამოვიდა 2013 წლის ბოლოს. 2012 წელს რამდენიმე პრეპარატი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას და მაშინ წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, თუ ეს პროცესი რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს წინასწარ განჭვრიტა, რომ 2013 წლის ბოლოს ეს პრეპარატი გამოვიდოდა. მე ველოდები, რომ შემდეგი განცხადება „ნაციონალური“ მოძრაობის რომელიმე წევრის მხრიდან იქნება, რომ ეს მედიკამენტი არა პროფესორმა შინაზემ, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა და ისინი დაიწყებდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციას 2012 წელს, ჩვენ რომ არ დაგვეპაუზებინა, როგორც ამას თვითონ ამბობენ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ამ ზღვარს ნუ გადააბიჯებენ“, – აცხადებს დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადების პასუხად.
რაც შეეხება თავად გიგა ბოკერიას განცხადებას. იგი ამბობს:
„C ჰეპატიტის პროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერში ჩავარდნა აქვს, რამოდენიმე საკითხზე ცდილობს კაპიტალიზაციას და სპეკულირებას, რომ ესაა მის მიერ ორგანიზებული გარღვევა, ეს ასე არ არის. ეს არის ამერიკული პროექტი, აშშ–ის გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული. საქართველო შეარჩიეს საპილოტე პროგრამისთვის იმიტომ, რომ 2012 წელს საქართველოს ჰქონდა რეგიონში და არა მარტო რეგიონში კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყნის და ისეთი ქვეყნის რეპუტაცია, სადაც შექმნილი იყო მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კარგია, რომ ეს პროექტი ხორციელდება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“.
ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცმებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დასაწყებად, მედიკამენტის მომწოდებელი კომპანიისთვის, მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ყველაზე აქტიურად 2014 წლიდან ამოქმედდა.
ამას ადასტურებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი 2015 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წელს საქართველოს მთავრობამ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა თხოვნით, დახმარებოდა საქართველოში დაავადების ეპიდემიოლოგიის, ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასებაში და ელიმინაციის პროგრამის დაწყებისთვის მომზადებაში.
2014 წლიდან კი იწყება მთავარი აქტივობები C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, რაც მოიცავდა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგითა და დიაგნოსტიკით უზრუნველყოფას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ყველა პირისათვის. წელიწადში მძიმედ დაავადებული 500 მსჯავრდებულისთვის უფასო მკურნალობას ინტერფერონითა და რიბავირინით. ყველა დაავადებულისთვის მედიკამენტებით არა ლიმიტირებულ უზრუნველყოფას, არამედ ფასის 60%-ით შემცირებას და წელიწადში 10 000 პაციენტისთვის მიწოდებას.
2012 წლის შემდეგ საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმები გახდა მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადისთვის“ მთავარი საფუძველი ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასაწყებად. ამას აღნიშნავს კომპანია “გილეადის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი სააგენტო “როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში -„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო ინიციატორი, შეგვექმნა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას გულისხმობდა, ეს კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარმატებული პროექტი იქნებოდა.
საქართველო არის ქვეყანა მოსახლეობის მართვადი რაოდენობით-დაახლოებით 5 მილიონამდე მოქალაქით და ახორციელებს ვირუსული დაავადებების სკრინინგს , რაც საუკეთესო ნიადაგია აღნიშნული პროექტის დასანერგად.“
როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურად განსახორცილებელად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც ქვეყნის მოქმედმა ხელისუფლებამ იზრუნა, რომელმაც პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თავად გადასცა სამედიცინო აპარატურა კლინიკებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მისი შეძენის საშუალება.
აშენდა C ჰეპატიტის მართვის ცენტრები თბილისში, მალე გაიხსნება ზუგდიდშიც, სადაც ავადობა ყველაზე მაღალია. ეს ცენტრები მომსახურების სწრაფ და ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს. შეიქმნა მოძრავი ამბულატორიები, რომლებიც რეგიონებში მოსახლეობის უფასო სკრინინგს ემსახურება და საშუალებას იძლევა რაც შეიძლება მეტი დაავადებული გამოვლინდეს შემდგომი მკურნალობის მიზნით. ორსულთა გეგმიურ გამოკვლევებში სავალდებულო გახდა C ჰეპატიტის სკრინინგი, რის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს. ასევე სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების თანადაფინანსება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე გრძელდება ექიმების ტრენინგები სერვისის ხარისხიანი მიწოდებისთვის.
კომპანია „გილეადმა“ 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე ხელი მოაწერა პროგრამის გაგრძელების 10 წლიან ხელშეკრულებას.
სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას დაავადებასთან და შეასრულებს პროგრამის მთავარ მისიას- C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას საქართველოში.
2030.news