ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, 57 ახალი კლინიკაა გახსნილი, ჯამურად 2000 საწოლით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
სერგეენკო ასევე დედათა და ბავშვთა ჯანდაცვასაც შეეხო. მისივე თქმით, სწორი ინტერვენციიდან გამომდინარე, შემცირებულია აბორტების რაოდენობა და დედათა სიკვდილიანობა.
„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ალბათ გამოკვეთილია ე.წ.რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელიც წარმატებით გაეშვა და უკვე მოგვცა შედეგები. შედეგები იმისა, რომ დედათა სიკვდილიანობა მცირდება, დინამიკა გამოკვეთილია. სტატისტიკას რომ შევხედოთ, საზოგადოებაში ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა – აბორტების პრობლემა შემცირებულია მესამედზე უფრო მეტით. ეს ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის და ამ სწორი ინტერვენციების შედეგია“, – განაცხადა სერგეენკომ.