დღეს, 2 მაისს, საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტში სადაზღვევო სექტორის წილი 1%-ზე ოდნავ მეტია, რაც აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია. ევროპის განვითარებული ეკონომიკების ქვეყნების მშპ-ში კი დაზღვევის წილი 6-7%-მდეც ადის.
ამასთან, ონოფრიშვილის თქმით, ევროპის შესაბამის სტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს დიდი პროგრესი აქვს.
მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ დაზღვევის სექტორი განვითარდეს, მნიშვნელოვანია დაზღვევის ისეთი სავალდებულო სახეობის შემოღება, როგორიცაა ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.
ონოფრიშვილის თქმით, აღნიშნული დაზღვევის შემოღების შემდეგ ბაზარი 30%-ით გაიზრდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას კი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები გამოუთავისუფლდება, რადგან ახლა, როდესაც ავტოავარია ხდება, დაშავებულების მკურნალობის საფასურს სახელმწიფო ფარავს. მისივე განცხადებით, ევროპაში ბევრი სავალდებულო დაზღვევაა, მაგალითად, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელზე მუშაობაც საქართველოშიც დაწყებულია.