Bloomberg-ი რუსეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ 15 ივნისს ამ ქვეყნის სტატისტიკური სააგენტო აპირებს გამოაქვეყნოს Covid-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მონაცემების ანგარიში, რომელშიც, გამოცემის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი არსებულ სტატისტიკასთან შედარებით გაზრდილი იქნება.
„როგორც ჩანს, Covid-19-ს შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მანამდე ვაჩვენებდით,“ – განაცხადა როსსტატის ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ სმელოვმა.
მისი თქმით, ამ მაჩვენებლებში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც სააგენტომ გაარკვია, რომ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული გარდაცვალების სტატისტიკა გასამმაგდა იმ ციფრებთან შედარებით, რომლებიც მთავრობამ დაასახელა. შედეგად, გარდაცვლილთა სტატისტიკამ 163 ათასს გადააჭარბა. ეს მოხდა რუსეთის მიმართ არსებული კრიტიკის ფონზე იმის გამო, რომ ის ლეტალობის სტატისტიკას ამცირებს.
სმელოვის განცხადებით, კოვიდის გადატანის შემდეგ გაუარესებული იმუნიტეტის გამო, ბევრი ადამიანი ისევ კლინიკაში მოხვდა სრულიად სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე ხშირად სისხლის მიმოქცევის, ინსულტების, დიაბეტის, რესპირატორული დაავადებების და თირკმლების პრობლემების გამო.
მისივე თქმით, რუსეთის სტატისტიკის სამსახური და ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევენ ასეთ ადამიანებს და არსებული მონაცემები ადასტურებს ტენდენციას, რომ ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები, უფრო დიდი ალბათობით, ვიდრე კოვიდ-მოუხდელი მოქალაქეები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემების გამო დაიღუპებიან.
ამასთან, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებელი შეკითხვებს აჩენს ოფიციოზის განცხადებებთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ რუსეთი პანდემიას კარგად უმკლავდება.
გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის 5000 მონაწილის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს უკვე შეუძლია ასეთი ღონისძიებების გამართვა, რადგან „ჩვენი სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.“
Covid-19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებლით, რუსეთს მსოფლიოში მე-7 ადგილი უკავია. როსსტატის მონაცემებზე დაყრდნობით კი აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ ის მესამეა.
თუმცა, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ახალი მონაცემები ალბათ არ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას, რომელიც რეგულაციებისგან თავის არიდებას გულისხმობს, რათა პანდემიის ეკონომიკური შედეგები რაც შეიძლება ნაკლები იყოს.
„იმ დროს, როცა დასავლეთის ქვეყნებში, ვაქცინაციის ზრდასთან ერთად ინფიცირების კლება შეინიშნება, რუსეთში დაავადების შემთხვევები ადგილობრივი ვაქცინებით აცრების ნელი ტემპის ფონზე იზრდება. პარასკევს დაინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია იმ ფონზე, როდესაც, ვაქცინებზე ფართო ხელმისაწვდომობის მიუხედავად, მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია ვაქცინირებული,“ – წერს Bloomberg-ი.