დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიზეზი იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელი და დაინფიცირების მასშტაბების შემცირებაა.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 მაისიდან მოქალაქეებს აღარ მიიწვევენ კოვიდვაქცინის გასაკეთებლად.
უწყების განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ქვეყანაში კოვიდ-შეზღუდვების შერბილების ზომები. კერძოდ, ეს ეხება პირბადის ტარებისა და ხანდაზმულთა მოვლის წესებს.
საავადმყოფოებში შესულ პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გატესტავენ, თუ მათ ვირუსის სიმპტომები ექნებათ.
ოფიციალური მონაცემებით, დანიის მოსახლეობის 89% (12 წლის და უფროსი ასაკის) სრულად ვაქცინირებულია, 76-ს კი რევაქცინაცია აქვს ჩატარებული. 5-11 წლამდე ბავშვების 37%-ს ასევე აქვს ჩატარებული სრული ვაქცინაცია.
„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები სტაბილურია და ველოდებით, რომ ისინი მალე დაიკლებს. ამიტომ ვაჩერებთ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამას,“ – ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.
ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებში აცხადებენ, რომ სურვილის შემთხვევაში ადამიანებს ისევ შეუძლიათ აცრის ჩატარება გაზაფხულსა და ზაფხულში. მეორე ბუსტერული დოზა კი შეეთავაზება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნური სისტემის დაავადებები აქვთ ან მძიმე ავადმყოფობის რისკის წინაშე დგანან.
ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და აშშ-ში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნა. ამავდროულად ჩინეთმა ორი მსხვილი ქალაქის – პეკინისა და შანხაის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა, რაც ვირუსის აფეთქებას უკავშირდება.