2017 წლის 6-13 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნორვეგიის სამეფოში.
ჯანდაცვის სფეროში საქართველო მრავალი წელია თანამშრომლობს ნორვეგიის სამეფოსთან.
ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე წარმატებით განხორციელებულ იქნა ერთობლივი პროექტები, რომელთაგანაც ხაზგასასმელია ნორვეგიის სამეფოს ტრომსოს ჩრდილოეთ არქტიკულ უნივერსიტეტთან წარმოებული პროგრამები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და ტრომსოს არქტიკული უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა ამჟამად მიმდინარეობს განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეეგიული ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH) ფარგლებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ტრომსოს არქტიკული უნივერსიტეტისა და UNICEF საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ახორციელებენ ერთობლივ სამუშაო ვიზიტს ნორვეგიაში რეგისტრების, ეპიდემიოლოგიისა და ბიობანკის საკითხებთან დაკავშირებით.
ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში, ოსლოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე საქართველოს საელჩოში ნორვეგიის სამეფოში. დაგეგმილია შეხვედრების გამართვა ონკოცენტრში კიბოს რეგისტრთან დაკავშირებით, ბერგენსა და ტრომსოს უნივერსიტეტებში, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც მუშაობს ჯანდაცვის მიმართულებით (https://www.fhi.no/en/). მისი სამუშაო სფეროები მოიცავს გადამდები დაავადებების, გარემოსა და ჯანმრთელობის კავშირის შესწავლას, ჯანდაცვით სერვისებს შეფასებას და ეკონომიკურ ანალიზს, ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალური ტვირთის შესწავლა, ჯანმრთელობის მონაცემები და მათი ელექტრონიზაცია, გლობალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და სხვა.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტს აქვს სამედიცინო რეგისტრების ფუნქციონირებს ხანგრძლივი გამოცდილება. ამჟამად მის დაქვემდებარებაში შედის 10 სხვადასხვა სახის სავალდებულო სამედიცინო რეგისტრი, როგორიცაა დაბადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, წამლის დანიშნულების და სხვა რეგისტრები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის დროს განხილული იქნა გლობალური ჯანმრტელობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, წარმოდგენილი იქნა ელექტრონული რეგისტრების და მათი მუშაობის სპეციფიკა. ასევე შეხვედრის თემა იყო გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეალურ დროში ზედამხედველობის კუთხით თანამშრობლობის განვითარების ასპექტები.