შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, სლოგანით “ჩვენ შეგვიძლია… მე შემიძლია”.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის პირველადი მონაცემების ანალიზი და კიბოს კონტროლის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში.
კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში, გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030 წლისთვის. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.
საქართველოში 2015 წელს დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რაც საშულებას იძლევა შედარებით ზუსტი მონაცემები მივიღოთ ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობის თავისებურებების შესახებ.
ეროვნული მონაცემების მიხედვით 2014 წელს ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ძუძუს კიბო, მეორეზე – საშვილოსნოს ყელის კიბო, ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, საკვერცხეების, კუჭის და საშვილოსნოს ტანის კიბო. 2014 წელს მამაკაცთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ფილტვის კიბო, მეორე ადგილზე პროსტატის კიბო, ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და შარდის ბუშტის კიბო.
2016-2018 წლებში კიბოს მსოფლიო დღის მიზანია, ადამიანთა ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას – ერთობლივად ან ინდივიდუალურად – შეიტანოს საკუთარი წვლილი კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში.
კიბოს მსოფლიო დღე მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობასა თუ მედიაში კიბოს პრობლემის გაჟღერებისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა და იძლევა შესაძლებლობას, რათა მოხდეს გაზიარება თუ რა შეიძლება გააკეთოთ, რა ვალდებულებები აიღოთ და რითი დაეხმაროთ სხვებს. რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებული იქნება.
კონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.