დაავადებათა კონტროლის ცენტრში “ლიბერალს” განუცხადეს, რომ საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია
“ საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. საქართველოში არიან გადამტანი კოღოები, მაგრამ არ გვყავს დაავადებული. ჩვენთან რისკი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება ზიკა ვირუსით დაავადებული ადამიანი. ინფორმაციას ვიღებთ ყველა ახლომდებარე ქვეყნიდან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჯერ არსად დაფისირებულა ზიკა ვირუსით დაავადების შემთხვევა. შესაბამისად, რისკები დაბალია. კოღო არის გადამტანი. თუმცა ის ვერაფერს გაიტანს, თუ ზიკა ვირუსით არავინ დაავადდა”, – განუცხადა “ლიბერალს”გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.
სადეზინფექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
„გადამტანების პოპულაციის დეზინფექციით კონტროლი მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუშავებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით ეფექტური.” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობს შავიზღვისპირა საკურორტო ზონის უსფრთხოების უზრუნველყოფას – ანაკლიიდან სარფამდე.
ღია სივრცეების დამუშავება მოხდება „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ხოლო წყალსატევების – საქართველოსთვის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოლოგიური პრეპარატით (ბაცილლუს ტჰურინგიენსის ვარ.ისრაელენსის).
გუშინ BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.
ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.
ზიკა ვირუსი ძირითადად ხასიათდება საშუალო სიმძიმის სიმპტომატიკით (1), ზოგირთ ადამიანს კი საერთოდ არ უვითარდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ ზიკა ვირუსი წარმოადგენს მიკროცეფალიების (ახალშობილები უჩვეულოდ პატარა ზომის თავით) და თავის ტვინის სხვა მალფორმაციების, დეფექტების მიზეზს იმ ქალების ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის დროს ინფიცირებულნი იყვნენ ზიკა ვირუსით და ასევე გიენ ბარეს სინდრომის (იშვიათი მაგრამ, სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილი) მიზეზი.