მთავარი » ჯანდაცვა » ჩვენ შევძელით, სამკურნალოდ ქონების გაყიდვა აღარ არის საჭირო
ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო.

ჩვენ შევძელით, სამკურნალოდ ქონების გაყიდვა აღარ არის საჭირო

მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს,

– განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ჩოხატაურებელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-ნინო წილოსანი წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ წინაასარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 “ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო, რაც, მისი თქმით, საქართველოს ახალ სივრცითიმოწყობას ანუ ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს.

“ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ეს მარტო გზების მშენებლობა არ არის. ეს არის გაზიფიცირების დასრულება- არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია, რომ მიყვანილი იქნას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 20 დღე დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა განაპირობოს მომავალი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში, განვითარება და თიოთოეულ ოჯახში მიტანა იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოში შეიქნება.

“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი და მე ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ.

სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს.

ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია უბრალოდ უნდა ავამუშაოთ,” – განაცხადა პრემიერმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …