მთავარი » მსოფლიო » „ჩვენ დავამარცხეთ მეოთხე ტალღა“ – ისრაელი „მეგა შტამისთვის“ მზაობის სწავლებას გამართავს

„ჩვენ დავამარცხეთ მეოთხე ტალღა“ – ისრაელი „მეგა შტამისთვის“ მზაობის სწავლებას გამართავს

ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ სწავლებას ჩაატარებს. სწავლების მიზანია COVID-19-ის ახალი ვარიანტის პოტენციური აფეთქების შემთხვევისთვის მზაობის შემოწმება.

ქვეყნის პრემიერის კანცელარიის ინფორმაციით, ეროვნული სწავლება ხვალ გაიმართება და „სამხედრო თამაშის“ პრინციპით წარიმართება. მისი მიზანია, გამოიმუშაონ ახალი ომეგა-შტამის პრობლემის გადაჭრის გზები.

სწავლება იერუსალიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროების ხელმძღვანელები, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამხედროები.

„ისრაელის სახელმწიფო შესანიშნავ სიტუაციაში იმყოფება. ჩვენ დავამარცხეთ მეოთხე ტალღა და დელტა-ვარიანტიდან გამოსვლის გზაზე ვართ. თუმცა ამავდროულად ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით და კამპანიის გასაგრძელებლად ვემზადებით. ჩვენ არ ვწყვეტთ ვირუსთან ბრძოლას. პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლებებს და საკუთარ თავს გამოწვევების წინაშე ვაყენებთ. იმ დროს, როცა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება, ისრაელი უსაფრთხო და დაცულია. ეს რომ შევინარჩუნოთ და ცხოვრების ნორმალური რიტმის უწყვეტობის გარანტია გვქონდეს, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ,“ – განაცხადა პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა.

სწავლების შემდეგ მომზადდება კომპლექსური შეფასება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ყველა უწყებას მისცემს ინსტრუქციას მომავალი ქმედებებისთვის.

სწავლება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ესენია: შეკრებების და გადაადგილების შეზღუდვა, კარანტინის პოლიტიკა, დღესასწაულების გეგმები, ცალკეული ან საერთო-ეროვნული აკრძალვები, კომენდანტის საათი და ტურიზმი;

ჯანდაცვის ასპექტები: მონიტორინგი, ვაქცინის დაცვითი მექანიზმების ტესტირება, ეპიდემიოლოგიური კვლევები, ჰოსპიტლების გამტარუნარიანობა, ბუსტერული დოზებისა და ახალი ვაქცინების გამოყენება და სხვა; მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა; განათლების მიმართულება: მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვა, კლასების მოცულობის შემცირება, სკოლების დახურვა დაავადების აფეთქების ცენტრებში, სასწავლო გეგმების ცვლილება (მათ შორის დისტანციური სწავლება); სახალხო დიპლომატია და მედია: საზოგადოების ინფორმირებულობა და გამჭვირვალობის ზრდა, ინტერნეტში გამართულ დისკუსიებზე რეაგირება და ა.შ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო მოსახლეობის 67%-მა, მეორე – 61-მა, ხოლო მოსახლეობის 42%-ს უკვე მესამე დოზა აქვს გაკეთებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსი 1,3 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. 8130 ადამიანი დაიღუპა. გამოცემა Times of Israel-ის შეფასებით, ქვეყანა მეოთხე ტალღის ბოლო ეტაპზე იმყოფება, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

ბოლო დღე-ღამეში 9,2 მილიონიან ისრაელში კოვიდ 19-ით სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა 470 შემთხვევა.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …