შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ცაგერისა და ამბროლაურის სამედიცინო ცენტრების სამშობიაროებს ახალი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აღჭურვილობა შეძენილ იქნა USAID-ის პროექტის ,,ჯონ-სნოუ-ინკის“ (JSI) მიერ პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პილოტური პროექტის ფარგლებში და შედგება მშობიარე ქალებისთვის ფუნქციონალური საწოლების, ახალშობილთა გამათბობლებისა და სამშობიარო ბლოკისათვის საჭირო სხვა მოწყობილობებისგან, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად და შეესაბამება რეგიონალიზაციის I დონის დაწესებულების სტანდარტს.
ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაციის (დონეებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას.
საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფოს მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის სისტემის ამოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, USAID-ის პროექტის ,,ჯონ-სნოუ-ინკის“ (JSI) რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა არსებული პერინატალური მოვლის სისტემის შესწავლა და მომზადდა მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ყველა პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება საქართველოში დაექვემდებარება განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებას, რაც მისთვის პერინატალური მოვლის სათანადო დონის მინიჭების საფუძველი იქნება.
სამინისტრო იმედოვნებს რეგიონალიზაციის პილოტური პროექტი წარმატებით განხორციელდება, რასაც მისი შემდგომი გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მოყვება. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს პერინატალური სერვისების ხარისხისა გაუმჯობესებას, შედეგად კი დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირებას.