როგორ გამოიყურება რუსეთის „ძლევამოსილი არმიის“ რიგითი ჯარისკაცის მინი-აფთიაქი. ეს საკითხი სოციალურ ქსელებში დაცინვის საგნად იქცა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მინი-აფთიაქი შედგება არაეფექტიანი, ძალიან ძველი და ჭუჭყიანი ნივთებისგან.
რუსი ოკუპანტების სამედიცინო აღჭურვილობა საზოგადოებას უკრაინელმა სამხედრო ექიმმა, ტაქტიკური მედიცინის ინსტრუქტორმა მარია ნაზარენკომ აჩვენა.
მან წამლების ნაკრები ომში, დანავლის სახით მოიპოვა. მისი თქმით, რუსები აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ის, რაც მათ მინი-აფთიაქებში დევს და რამდენად განსხვავებულია ეს ნაკრები უკრაინული ჯარის სამედიცინო აღჭურვილობისგან.
მედიკოსმა აჩვენა ოკუპანტების ტანკიდან ნადავლად წამოღებული მინი-აფთიაქი, რომელიც რკინისაა, მძიმეა და არცთუ ჰიგიენურად გამოიყურება. მასში არის: სისხლის შემაკავებელი რეზინის ლახტი, რომელიც გამოყენების დროს ფუჭდება. ინდივიდუალური გადასახვევი პაკეტი, რომელიც 1983 წელსაა გამოშვებული. არასტერილური და ძალიან ჭუჭყიანი ბინტი.
„მე ვიტყოდი, რომ ეს მინი-აფთიაქები დაჭრილების მოკვლას უფრო უწყობს ხელს, ისინი იძლევიან იმედს, რომელიც არ არსებობს,“ – განაცხადა ნაზარენკომ.
მისი თქმით, ასეთი ლახტის დადება ჭრილობაზე შეიძლება, თუმცა ის არ იმუშავებს.
უკრაინელი მედიკოსის თქმით, რუსულ მინი-აფთიაქებში არის ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს და მომენტალურად თრგუნავენ სასუნთქ ცენტრებს.
„ადამიანის გადასარჩენად საჭიროა ტურნიკეტი, ოკლუზიური (ჩამკეტი) წებოვანა, ხარისხიანი საშუალებები და არა მხოლოდ დაჭრილისთვის პირის მოკეტვა,“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა.
ნაზარენკომ ასევე აღწერა რუსი სანიტრების ჩანთები, რომლებიც მისმა კოლეგებმა ასევე ნადავლად წამოიღეს. უკრაინელი მედიკოსის თქმით, ეს ნაკრები არანაკლებ გაოცებას იწვევს, ვიდრე დამპყრობლების მინი-აფთიაქები.
„ესაა ბრეჟნევის, ან შესაძლოა ხრუშოვის დროინდელი 25 ბინტი, „ბრილიანტის მწვანე,“ ამიაკი. მორჩა.“ – განაცხადა მედიკოსმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო ექიმების სამედიცინო აღჭურვილობა გაცილებით მაღალი დონისაა და თითქმის ავტომობილის ფასი ღირს.