წარმადობის გაზრდის შედეგად „ბიოქიმფარმის“ ქართული, უნიკალური პროდუქცია მთელ მსოფლიოში მილიონობით პაციენტს მისწვდება, რომლებსაც ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციები აწუხებთ. ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიოქიმფარმი არის ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგის პრეპარატებს, მაგალითად როგორიცაა ფაგიო, და არის ფაგების ერთადერთი ექსპორტიორი კომპანია 8 საექსპორტო ბაზარზე.
„ანტიბიოტიკებთან შედარებით მისი განმასხვავებელი თვისებაა სიზუსტე, ისაა ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივა. „ჯიტას“ 650 ათასლარიანი გრანტი იყო ერთერთი მოტივატორი და ძალიან დაგვეხმარა კიდევ უფრო მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებაში, როგორიცაა მაგალითად 17 მილიონი ლარის ინვესტიცია კომპანიის არსებული საწარმოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კომპანიამ განახორციელა ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული უნიკალური ფაგები ევროპული საერთაშორისო სტანდარტით იწარმოება და უმაღლესი სტანდარტის შესაბამისია,“ – აღნიშნა ღოლიჯაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ „ბიოქიმფარმი“ GMP სერტიფიკატის მიღებას ელოდება.