მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ბერნარდ კუშნერი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის
ბერნარდ კუშნერი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს "მნიშვნელოვანს" უწოდებს და აღნიშნულისთვის ქვეყნის მთავრობას მადლობას უხდის.

ბერნარდ კუშნერი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის

გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს “მნიშვნელოვანს” უწოდებს და აღნიშნულისთვის ქვეყნის მთავრობას მადლობას უხდის.

შესაბამისი განცხადება კუშნერმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გააკეთა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” იმართება.

“ბოლო რამდენიმე წელია ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალისხმევისთვის”, – მიმართა კუშნერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს.

მან ჯანდაცვის სისტემის ცალკეული მიმართულების განვითარების გზებზე ისაუბრა და ერთ-ერთი განსაკუთრებული აქცენტი პირველად ჯანდაცვაზე გააკეთა.

“პირველადი ჯანდაცვა – მარტივია თქვა, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს და ამის განხორციელების გარკვეული გზები არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტებსაც იყვნენ ინფორმირებულნი, განათლებულები პირველადი ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე”, – აღნიშნა გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კუშნერი მიესალმა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერია.

“კონკრეტულ პათოლოგიებთან ბრძოლის კუთხით თქვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას გაუსწრებთ. მაგალითად, საქართველო პირველ ადგილზეა C ჰეპატატის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით. 5 ათასი ადამიანი უკვე იღებს მედიკამენტებს და ისინი განკურნებულნი არიან ვირუსისგან. ეს არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო”, – განმარტა კუშნერმა.

მან კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მიესალმა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული.

“კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ უკეთ განვითარდეს მოცემული სექტორი. ჩვენ ვხედავთ რომ ბევრ ქვეყანაში ამ კუთხით გარკვეული დისბალანსია, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კერძო სექტორი წარმოდგენილია დაახლოებით 80 %-ით. ამის მიუხედავად, ეს უნდა იყოს რეგულირებული. გჭირდებათ კანონი, გჭირდებათ შესაბამისი დამცავი მექანიზმები, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციონირება იყოს დაბალანსებული”, – განაცხადა გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კუშნერმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კარგი იქნება, თუკი ჯენერიკი მედიკამენტები უფრო დაბალ ფასად იქნება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …