„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი გუშინ საქმიანი ვიზიტით თბილისს ეწვია და სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დღეს, ბერნარ კუშნერმა მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.
ბერნარ კუშნერი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და მათ აქტიურ ჩართულობას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.
“დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა.
დღეს მოვისმინეთ, მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომელიც შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ საბოლოოდ პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, რაც უკვე სათავეს დაუდებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას პრველადი ჯანდაცვის სფეროში”,
-განმარტა კუშნერმა და აღნიშნული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს რეკომენდაციები, რადგან ისინი დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა მოხდეს ამ რეკომენდაციების ადაპტირება საქართველოს კონტექსტზე. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია”.
ბერნარ კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა „გლობალური ალიანსის“ მიზანმიმართულ ჩართულობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფომების საკითხებში და თანამშრომლობას წარმატებული უწოდა:
„ჩვენ, როგორც ,,გლობალური ალიანსი“ აქ ვართ იმისათვის, რომ თქვენს ქვეყანას და უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს გავუწიოთ მხარდაჭერა, მივცეთ რეკომენდაციები, მაგრამ არანაირად არ ვუხელმძღვანელოთ და არ მივცეთ დირექტივა, თუ როგორ მოიქცეს. ჩვენი ასეთი მხარდაჭერა მიმდინარეობს გლობალურად მრავალ ქვეყანაში და ასევე თქვენს ქვეყანაშიც. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ პირველადი ჯანდაცვა და მისი მხარდაჭერა არის ქვეყნსთვის აუცილებელი.
მთავარი არის წვდომა პირველად ჯანდაცვასთან. თქვენი სამინისტროს მთავარი მიზანი არის, რომ ეს წვდომა იყოს ერთნაირი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. სოფლად მცხოვრებთათვის და ქალაქში მცხოვრებთათვის, მიუხედავად მათი გეოგრაფიული თუ ფინანსური მდგომარეობისა. ასევე აუცლებლად უნდა გახსოვდეთ, რომ პირველადი ჯანდაცვა არის არა ცალკე მდგარი ორგანიზმი, არამედ უშუალოდ მთლიანად ამ სისტემის ნაწილი“.
“პროცესი, რომელსაც რეკომენდაციას გლობალური ალიანსი უწევს ჯანდაცვის სამინისტროს, ვფიქრობ, სწორ გზას ადგას. არ არის დაწყება მარტივი, თუმცა როგორც ქართული მხარის, ისე გლობალური ალიანსის მთავარი ძალა ის გახლავთ, რომ გამოვნახოთ გადაჭრის გზები რომ წავიდეთ წინ. ეს არის საკმაოდ გრძელი პროცესი, რათა კონკრეტული მექანიზმებით კონკრეტულ მიზნამდე მივიდეთ. ამ ეტაპზე, გარკვეულ დისბალანსი არსებობს, მოსახლეობას სრულად არ აქვს წვდომა ხარისხიან სერვისებზე.
ახლა ვეცდებით დავსახოთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ გავზარდოთ წვდომა ხარისხიან სერვისებზე. ბევრი კომპონენტი არსებობს და უნდა მივიდეთ საერთო შეთანხმებამდე, თუ რომელი მიდგომის ადაპტირება იქნება ქართული რეალობისთვის გამოსადეგი. მთავარია, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა“, – აღნიშნა შეხვედრაზე გლობალური ალიანსის პრეზიდენტმა ჟან ელი მალკინმა.
დღესვე, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და “გლობალური ალიანსის” ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტების წარდგენა მოხდება.
ბერნარ კუშნერი თბილისში საქმიან ვიზიტს დღეს დაასრულებს.