ბერნარ კუშნერის, ამ განცხადებას, ისევე როგორც მალკინის განცხადებებს მაინცდამაინც სერიოზულობით ვერ შევხედავ, განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხხლაძემ ”გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს ტავმჯდომარის ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს.
”ბერნარ კუშნერის, ამ განცხადებას, ისევე როგორც მალკინის განცხადებებს, მაინცა და მაინც სერიოზულობით ვერ შევხედავ, გამომდინარე მათი წარსული საქმიანობიდან და სკანდალებიდან, რომლებშიც ისინი გაეხვივნენ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში (გაბონი, კონგო) მოღვაწეობის დროს”, – განაცხადა ჩიხლაძემ
მისი თქმით, „გლობალური ალიანსი“ უკვე 1 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში. ამ ხნის მანძილზე მათ არ გაუსაჯაროვებიათ არცერთი დოკუმენტი, არავინ იცის რაზე მუშაობენ ან რას მოიცავს მათი რეკომენდაციები.
”გაგახსენებთ, რომ ამ ახალდარეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა საეჭვო ხელშეკრულება ტენდერის ყველანაირი წესის დარღვევით და რამდენიმე თვე საერთოდ გაურკვეველი იყო ვინ იდგა ამ ორგანიზაციის უკან”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
”მიუხედავად, მრავალი გასმული კითხვისა არც სამინისტრომ და არც გლობალ ალიანსის ხელმძღვანელობამ არ გაასაჯაროვა საკუთარი საქმიანობა და პასუხი ვერ გასცეს ვერცერთ დასმულ ლეგიტიმურ შეკითხვას. საკმარისზე მეტი დრო გავიდა მათი საქმიანობის დაწყებიდან და დღემდე არ დადებულა არანაირი შედეგი. ახლა კი ვისმენთ ისევ ბურუსით მოცულ განცხადებას რაღაც რეკომენდაციებზე, რომლებიც ისევ მხოლოდ სამინისტროსთვის და შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი”.
ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, ჯანდაცვაში, სხვადასხვა მიმართულების რეფორმირებაზე და ნაკლოვანების გამოსწორებაზე ახლა კი არ უნდა იწყებოდეს საუბარი, არამედ 3-4 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ყველანაირი ეკონომიკური თუ შორსმიმავალი გათვლების გარეშე პოპულისტურ ნაბიჯებს დგამდნენ. სამწუხაროდ, ეს წლები უკვე დაკარგულია.
”პირველად ჯანდაცვის რგოლზე, ექიმების მდგომარეობაზე, კვალიფიკაციებზე, სერვისების ხარისხზე, ხარჯეფექტურობაზე, მიზნობრიობაზე და კიდევ უამრავ სხვა პრობლემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და მოვუწოდებთ მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც კი უარყოფს, რომ სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ჯანდაცვის მაღალჩინოსნებისგან ვისმენთ აბსოლუტურად დილეტანტურ განცხადებებს, როდესაც მინისტრი და მისი მოადგილეები ვერ ერკვევიან ელემენტარულ ბაზისურ ტერმინებში, როგორიცაა ხარჯეფექტურობა, ინფლაცია, მიზნობრიობა და ა.შ.”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი აცახდებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
კუშნერის თქმით, გასული თვიდან, ჯანდაცვის სამინსტროსტან ერთად, პროექტზე მუშაობენ და შემუშავებული აქვთ უკვე დოკუმენტაცია, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. რეკომენდაციები 14 კომპონენტს მოიცავს.
„მომავალში ჩვენ გვექნება ერთობლივი საბჭოს სხდომა და განვიხილავთ ასევე პირველადი ჯანდაცვის პროგრამასაც, რადგან იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ექიმების კვალიფიკაციის თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ გავწევთ რეკომენდაციებს, მაგრამ გადაწყვეტილება რათქმაუნდა მინისტრმა უნდა მიიღოს”, – განაცხადა კუშნერმა.