მთავარი » მსოფლიო » BBC: კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-გადატანილ პაციენტებში ნევროლოგიური და ფსიქიკური პრობლემების რისკები მაღალია

BBC: კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-გადატანილ პაციენტებში ნევროლოგიური და ფსიქიკური პრობლემების რისკები მაღალია

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიის, გონებასუსტობის, ფსიქოზისა და ინსულტისკენ.

იმ ადამიანთა მესამედს კი, რომლებიც კოვიდით უფრო ადრე იყვნენ ინფიცირებულნი,  ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური პრობლემები შეექმნა. ჰოსპიტალიზებული და რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კვლევის ავტორები მიანიშნებენ როგორც სტრესის სიმპტომებზე, ისევე ტვინზე ვირუსის პირდაპირ ზემოქმედებაზე.

ბრიტანელმა მეცნიერებმა აშშ-ში მცხოვრები ნახევარი მილიონი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათები შეამოწმეს და შეაფასეს  ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური მდგომარებების განვითარების რისკები. ამ მდგომარეობებს შორისაა:

სისხლჩაქცევა ტვინში, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გიენ-ბარეს სინდრომი, გონებასისუსტე, ფსიქოზი, შფოთვითი აშლილობები.

მკვლევარებმა განმარტეს, რომ შფოთვითი აშლილობები, დიდი ალბათობით, უკავშირდება სტრესს, რაც თავის მხრივ კოვიდით დაინფიცირებითაა გამოწვეული, ასევე ჰოსპიტალიზაციით გამოწვეულ განცდებს.

ისეთი მდგომარეობები კი, როგორიცაა ინსულტი და გონებასისუსტე, დიდი ალბათობით, თავად ვირუსის ბიოლოგიურ ზეგავლენას ან ინფექციაზე ორგანიზმის რეაქციას უკავშირდება.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ Covid-19 არ ასოცირდება პარკინსონის ან გიენ-ბარეს სინდრომის განვითარებასთან.

ბიბისი აღნიშნავს, რომ ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევა დაკვირვებითია.

ოქსფორდის მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს იმ ადამიანების ჯგუფი, ვინც Covid-19 გადაიტანა, ორ სხვა ჯგუფს, რომლის წევრებმაც გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები გადაიტანეს, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ Covid-ი უკავშირდება ტვინის უფრო გვიანდელ დაავადებებს, ვიდრე ეს სხვა ვირუსების შემთხვევაშია.

პაციენტებს 16%-ით მეტი ალბათობით აქვთ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური აშლილობების განვითარების რისკები კოვიდის შემდეგ, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების გადატანის შემთხვევაში, და 44%-ით მეტი, ვიდრე გრიპისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს.

ამასთან, რამდენადაც მძიმეა Covid-ის მიმდინარეობა, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ასეთ პაციენტს მომავალში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ან ტვინთან დაკავშირებული დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ.

ფსიქიკური აშლილობა და ხასიათთან დაკავშირებული პრობლემები კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების 24%-ში გამოვლინდა. ინსულტი დაფიქსირდა კოვიდპაციენტების 2%-ში, ხოლო 7%-ში იმ პაციენტების შემთხვევაში ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგმა, პროფესორმა მასუდ ჰუსეინმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ვირუსი ტვინში აღწევს და მის პირდაპირ დაზიანებებს იწვევს.

ამას კი შესაძლოა სხვა ირიბი ეფექტები ჰქონდეს, მაგალითად, მოახდინოს გავლენა სისხლის შედედებაზე, რაც ინსულტს იწვევს.

სპეციალისტების დასკვნით, დიაგნოზის დასმიდან 6 თვის განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ შედეგები შესაძლოა უფრო გვიან გამოვლინდეს, ვიდრე სპეციალისტები მანამდე ვარაუდობდნენ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …