ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს უახლესი აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება შეემატა,– ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ფლიგელი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს.
სამინისტროს ცნობით, გაიზარდა საწოლების რიცხვი და კლინიკაში ერთდროულად 90 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 270 000 ლარი დაიხარჯა.
კლინიკა ამჟამად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია და რამდენიმე წელიწადში ონკოლოგიურ ცენტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სრულიად ახალ შენობაში გადავა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის პირველი მოდელი.