თბილისში სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციისთვის 0.5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან, დეტალური შესწავლის შემდეგ, ავსტრიული „ალფამედიკის“ კონსორციუმი შეირჩა, რომელიც ამ სფეროში გამოცდილ კომპანიებს აერთიანებს.
საავადმყოფოების მართვა განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით.
ამ საკითხს გამოეხმაურა მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი ბაია ბეზარაშვილი:
„ბუნებრივია, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ისეთი ცენტრი უნდა გახდეს, რომ მთელი საქართველო იამაყებს.ასევე იქნება ონკოლოგიურიც. მულტიპროფილური ცენტრი უნდა გახდეს რესპუბლიკური საავადმყოფოც. მივესალმები ამ პროექტს, რადგან მისაღებია, რაც ამ მხრივ კარგი გაკეთდება.
რაც შეეხება ექიმთა გადამზადებას, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ექიმებისთვის უცხოეთში გადამზადება უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რადგან ბევრი ვერ ახერხებს საკუთარი ხარჯებით კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას“.
ექსპერტთა ნაწილი საავადმყოფოების განვითარების ამ პროექტზე საუბრისას, აცხადებს, რომ შემცირდება უცხოეთში სამკურნალოდ წასული ქართველი პაციენტების რიცხვი. მეორე მხრივ, შესაძლოა, უცხოეთიდანაც შემოვიდნენ პაციენტები სამკურნალოდ. ამ აზრს ეთანხმება ბაია ბეზარაშვილი:
„მე, როგორც მოქმედ ექიმს, მიხდება უცხოელების მიღება ბაქოდან, ვლადიკავკაზიდან, სომხეთიდან. პირადი პაციენტები რუსეთიდანაც და უცხოეთიდანაც მაკითხავენ. ასეთი გამართული ცენტრები თუ იქნება და სრულყოფილი სტაციონარული პირობები, ჩვენც უფრო გამართულად დავხვდებით უცხოელ მოქალაქეებს და ამ პაციენტების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება“.
ბაია ბაზერაშვილმა შეაფასა, ასევე, კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი:
„ეს მოდელი აუცილებლად გაამართლებს. კერძო სექტორი თავის ინტერესს გამოხატავს, სახელმწიფო -თავისას და ორივე ერთად თუ გაერთიანდა ხალხის კეთილდღეობისათვის, ამას მივესალმები მხოლოდ. ჩემი მიზანი ისაა, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტიც და დანიშნულებაც.რაც მეტი მაღალი დონის საავადმყოფო იქნება, ჩემთვის უფრო საამაყო იქნება.“