რუსეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებლები ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფექციამ 1123 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსი დაუდასტურდა 36582 ადამიანს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებით, რუსეთის 13 რეგიონში აუცილებელია უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება და საწოლფონდის გაზრდა.
მოსკოვის ოლქში, დაავადებულთა რაოდენობის მატების გამო, რეკორდული რაოდენობის ხელოვნური სუნთქვის აპარატებია დაკავებული. რეგიონის მეთაურის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, რეგიონის ჯანდაცვის სისტემა „ზღვარზე“ მუშაობს და სტაციონარებში 10 ათასი პაციენტი მკურნალობს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ამ ნაწილში კორონავირუსის გავრცელების ტალღა დეკემბრამდე გაგრძელდება, თუკი მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს.
მათივე ინფორმაციით, მდგომარეობას ამძიმებს მწვავე რესპორატორული ინფექციებისა და გრიპის გავრცელება.
შეგახსენებთ, რომ შექმნილ ვითარებაში, რუსეთში 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.
მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ფედერაციის სუბიექტებს დაავალა, აკრძალონ გასართობი ღონისძიებების გამართვა, კვების ობიექტების მუშაობა კი ღამის საათებში შეზღუდონ. გარდა ამისა, გუბერნატორებს მიეცათ რეკომენდაცია, თვითიზოლაციაში გაუშვან 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებსაც აცრა არ გაუკეთებიათ.
რუსეთში უკვე გამოჩნდა „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი – AY.4.2, რომელიც წინამორბედთან შედარებით 10-15%-ით უფრო გადამდებია. რუსეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის დირექტორის ალექსანდრ გინცბურგის განცხადებით, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომლის შემქმნელიც ეს ცენტრია, აღნიშნული შტამის მიმართაც ეფექტიანია.
როსპოტრებნადზორის წარმომადგენლის კამილ ხაფიზოვის განცხადებით კი არ არსებობს მტკიცებულებები, რომ AY.4.2
შტამი არ იწვევს ჰოსპიტალიზაციის ან ლეტალობის მაღალ რისკს, ვიდრე დელტა ვარიანტი.
ამასთან, მისივე თქმით, ანტისხეულების მიმართ ახალი შტამის გამძლეობა შესწავლილი არ არის.