ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები Johnson & Johnson-ის ერთჯერადი ვაქცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერების მოწოდებით გამოვიდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 6 ქალს, ვაქცინის გაკეთების შემდეგ სისხლის შედედების მძიმე და იშვიათი ფორმა განუვითარდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეშფოთებას ვაქცინებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ პირობებში, როცა ანალოგიურმა პრობლემებმა AstraZeneca-ს ვაქცინების განაწილების შეფერხება გამოიწვია.
თავის ტვინის თრომბი 18-დან 48 წლამდე ქალებში აღინიშნება – ამის შესახებ ორშაბათს აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა და პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ განაცხადეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ ვაქცინის გამოყენებაში პაუზის აღების რეკომენდაციით გამოდიან, რათა სამედიცინო საზოგადოებამ იცოდეს ამ გვერდითი მოვლენების შესახებ და შეძლოს უნიკალური მკურნალობის დაგეგმვა, რასაც აღნიშნული ტიპის თრომბი მოითხოვს.
სააგენტომ განაცხადა, რომ ორშაბათამდე აშშ-მ J&J-ის ვაქცინის 6,8 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენა. „ბლუმბერგი“ ასევე წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებას, რადგან კორონავირუსის ახალი შტამები პანდემიის გაჭიანურების რისკს ქმნიან. აღნიშნულმა
გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა გაზარდოს ის არამყარი განწყობები, რაც ვაქცინაციის მიმართ არსებობს.
ოთხშაბათს CDC საკონსულაციო კომიტეტის სხდომას მოიწვევს, რათა განიხილოს ეს შემთხვევები და მათი პოტენციური მნიშვნელობა შეაფასოს.
პაუზამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვაქცინაციის გლობალური კამპანია ისევე როგორც ეს მოხდა ევროპაში, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინების შემთხვევაში. სისხლის შედედების ფაქტებმა ბევრი ქვეყანა აიძულა, ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებაში ასაკობრივი შეზღუდვები დაეწესებინა.
ამასთან, პარასკევს FDA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ები კაპობიანკომ განაცხადა, რომ სააგენტოს არ აღმოუჩენია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი J&J-ის ვაქცინის გაკეთებასა და თრომოემბოლიურ გართულებებს შორის, და აგრძელებს ამ შემთხვევების შესწავლას.