მთავარი » მსოფლიო » აშშ ჩინეთიდან ტურისტების შესვლაზე შეზღუდვაზე დაწესებას გეგმავს

აშშ ჩინეთიდან ტურისტების შესვლაზე შეზღუდვაზე დაწესებას გეგმავს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა იაპონიისა და მალაიზიის მაგალითი გადაიღოს და საკუთარ ტერიტორიაზე ჩინეთიდან ტურისტების შესვლა შეზღუდოს.

მიზეზი ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდაა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ახალი შეზღუდვების შემოღებას. რეგულაციების ამოქმედება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჩინეთმა მოხსნა მის ტერიტორიაზე შესვლაზე დაწესებული სამწლიანი აკრძალვა. ამასთან, ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ ფიქსირდება ჩინეთიდან გამომგზავრების მსურველთა მიერ ავიაბილეთების შესყიდვების ზრდა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ვაშინგტონი ითვალისწინებს ჯანდაცვის ექსპერტების რჩევებს და პარტნიორებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები. თუმცა გამოცემის წყარო შესაძლო შეზღუდვების დეტალებს არ ამჟღავნებს.

WSJ-ი წერს, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ტურისტული დარგის შემოსავლების უმსხვილეს წყაროს წარმოადგენენ. მხოლოდ 2016 წელს ჩინელმა მოგზაურებმა ამ სფეროს 158 მილიარდი დოლარი მოუტანეს, რაც ტურიზმზე მსოფლიო დანახარჯების 20%-ს შეადგენს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ვიზების გაცემა შეაჩერა და „საპასპორტო და საგანგებო სერვისებით“ შემოიფარგლა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 დეკემბრიდან ჩინეთიდან ჩასული ნებისმიერი ადამიანი კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარება, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი სპეციალურ დაწესებულებაში ერთკვირიან კარანტინში გადავა. ამასთან, ტოკიო ჩინურ ავიაკომპანიებს მისი მიმართულებით არსებული რეისების გაზრდის შესაძლებლობას არ მისცემს.

იაპონიის პრემიერის შეფასებით, ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გაგება ადამიანებისთვის რთულია იქიდან გამომდინარე, რომ დაავადების შესახებ ცენტრალური და რეგიონული მთავრობების მიერ განსხვავებული შეფასებები ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეებზე გარკვეული რეგულაციების ამოქმედების საჭიროებას ხედავს თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. თუმცა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულზე რაიმე სახის განცხადება არ გაკეთებულა.

ამ ფონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლებას აანონსებს.

„ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – ასე გამოეხმაურა ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …