არ შეიძლება ჯანდაცვის ხარჯები იმაზე სწრაფად იზრდებოდეს ვიდრე ქვეყნის რეალური ეკონომიკაა, – აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია, რომელიც ხანგრძლივ ხედვაზე იქნება დაფუძნებული.
”ეს გაუთავებელი ბიუჯეტის კორექტირება, დამატებითი ფინანსების გამოყოფა, რა თქმა უნდა, მეტყველებს არაეფექტურ დაგეგმარებასა და მცდარ პოლიტიკაზე. კიდევ ვიმეორებ – ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია, რომელიც ხანგრძლივ ხედვაზე იქნება დაფუძნებული.
არასრული 1 წლის თავზე, უფრო სწორედ, 10 თვის მაჩვენებლით, გვაქვს 150- მილიონიანი გარღვევა ჯანდაცვის ბიუჯეტში, აქედან 96 მილიონი უკვე დაუმატეს სამინისტროს (ანუ მოაკლეს სხვა დარგს), თუმცა ბიუჯეტი მაინც დეფიციტურია, კვლავ მოსაძებნია თითქმის 60 მილიონი. ეს ვიმეორებ – 10 თვის თავზე. წინ კიდევ არის 2 თვე და ამ 60 მილიონს კიდევ დაემატება ხარჯები.
ჯანდაცვის სისტემის და მართვის სპეციალისტები, დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, ადრეც ვამბობდით, რომ სერგეენკოს მიერ მოწყობილი სისტემა არის წარმონაქმნი, რომელიც უძირო კასრივით ითხოვს დამატებით ფინანსებს. დღეს უკვე ხშირია ხელფასების დაგვიანება და სამინისტროს მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შესრულების დაგვიანება. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბევრ დაწესებულებაში არის სახელფასო და სხვა სახის დავალიანებები.
ზოგიერთ დაწესებულებაში ივლისის თვიდანაც კი. განსაკუთრებით ზარალდება პირველადი რგოლის ე.წ. პოლიკლინიკების სამედიცინო პერსონალი, სადაც ისედაც მიზერული, სასაცილოდ თუ სატირლად დაბალი ხელფასებია (20-30 თეთრი გასინჯული პაციენტიდან).დარწმუნებული ვარ, გაისად, კიდევაც რომ გაასამმაგონ ბიუჯეტი, წელს მაინც დეფიციტით დაასრულებენ. თანაც ელემენტარული ჭეშმარიტებაა, არ შეიძლება ჯანდაცვის ხარჯები იმაზე სწრაფად იზრდებოდეს ვიდრე ქვეყნის რეალური ეკონომიკაა”, – აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ჩიხლაძე.