„მაიმუნის ყვავილის“ მიმართ საზოგადოების ყურადღება და მედიაში ამ თემის გაშუქება ახლა უფრო აქტიური და ხშირია, ვიდრე პანდემიამდე და თავად მოსახლეობის აღქმაც უფრო მგრძნობიარეა. თუმცა აქედან იმაზე დიდი პრობლემა არ უნდა შევქმნათ ვიდრე ეს სინამდვილეშია – ამის შესახებ გერმანიის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა ბურკჰარდ როდეკმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საუბარში განაცხადა, თუმცა არ დამალა, რომ ვითარებით ყველა შეშფოთებულია.
„ჩვენ უნდა შევაგროვოთ ყველა მონაცემი, უნდა შევაფასოთ დაავადების სურათი, დავაკვირდეთ გადადების ჯაჭვს. ვიდრე ეს ყველაფერი არ გაკეთდება, ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე პასუხს ვერ გავცემთ,“ – განაცხადა მედიკოსმა ბავშვების „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„არ შეიძლება, რაიმე ავადმყოფობის შიშით, რომელიც, შესაძლოა არც ისე სერიოზულია, როგორც მაგალითად ყვავილია, მოვითხოვოთ ბავშვების ვაქცინაცია. თავად ვაქცინა შესაძლოა რისკებს შეიცავდეს, ამიტომ საკითხი სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს,“ – აღნიშნა მან.
როდეკმა ასევე ისაუბრა ბავშვებში დაფიქსირებულ ატიპიურ ჰეპატიტზე და ამ საკითხშიც პოზიტიური შეფასებები გამოთქვა. მისი თქმით, იმ ფაქტში, რომ მძიმე შემთხვევების უმრავლესობაში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, უცნაური არაფერია და ბავშვების 50%-ში, რომლებსაც ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ, მწვავე ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მანამდეც უცნობი იყო.
ექიმის განმარტებით, დაავადებულთა ნაწილს – დაახლოებით 70%-ს ადენოვირუსები გამოუვლინდა და ეს ადენოვირუსები მედიცინისთვის ისედაც ცნობილი იყო. თუმცა როგორც წესი, ისინი ჰეპატიტის მძიმე ფორმებს არ იწვევდნენ. გართულებები გვხვდება მხოლოდ იმ ბავშვებში, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პირველად სიმპტომებს, როგორიცაა თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლეს და ა.შ.
გერმანელმა ექიმმა ასევე განმარტება გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმასთან დაკავშირებით, თითქოს მწვავე ჰეპატიტის მიზეზი კოვიდვაქცინაციაა. მისი ცალსახა პასუხია, რომ ეს გამორიცხულია, რადგან ჰეპატიტის მწვავე მიმდინარეობა აღინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც არ ყოფილან ვაქცინირებული.