დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მტკიცებით , კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი.
“ჯენერიკი გახლავთ იგივე მედიკამენტი, რაც ბრენდი, როგორც მას უწოდებენ – მისი შემადგენლობა იგივეა, რაც ბრენდის. უბრალოდ, ჯენერიკის გამოცემის უფლება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბრენდის ნაყიდ პატენტს ვადა გასდის. ეს არის ე.წ. პატენტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, ანუ ბრენდის ჯენერიკს ვერ აწარმოებს ვერავინ, თუ მას არ გაუვა პატენტი. ერთადერთი გამონაკლისი გაკეთდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც შიდსის მედიკამენტებზე დაუშვეს ჯენერიკები.
ამდენად კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი,” – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა შექმნილი პრობლემა მოგვარდეს.
“ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები. ამიტომ, ამ პროექტზე სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გარკვეული სტრატეგია დაიდება,” – აღნიშნავს ის. რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასებს, გამყრელიძის თქმით, წამალი არც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი.
“ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი – 8-14 წელი. პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს, სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი, რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს – წამლის ყიდვა და ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ იყოს კატასტროფული, ანუ მოსახლეობა იყოს მსყიდველუნარიანი”, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებისთვის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ისეთი კონკრეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა, როგორიცაა:
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და ადგილობრივ წარმოებას მეტი სტიმული მიეცეს.