ახალი ტესტის დახმარებით ექიმებს შეეძლებათ სისხლის ანალიზის საფუძველზე გაარკვიონ, რომელი მიკროორგანიზმია სხვადასხვა ტიპის რესპირატორული დაავადების გამომწვევი.
დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების მიერ შემუშავებული ტესტით, ექიმებს ზუსტად ეცოდინებათ ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ გამოკვლევის მეთოდი ეფუძნება პაციენტის გენების ექსპრესიის შესწავლას. გენების აქტივობა ხომ იმისდა მიხედვით იცვლება, ებრძვის თუ არა ორგანიზმი ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეულ ინფექციას. დღესდღეობით რესპირატორული დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. პაციენტთა უმრავლესობას, თითქმის 75%-ს როგორც წესი ანტიბიოტიკებს უნიშნავენ და მათ უმეტესობას ბაქტერიული ინფექციის მაგივრად ვირუსული ინფექცია აღენიშნება.
ამ ახალი, მაღალი სიზუსტით გამორჩეული ტესტის დანერგვა პრაქტიკაში თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკების გაუმართლებელ დანიშვნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატებისადმი გამძლე ბაქტერიული შტამების გავრცელების კუთხით. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც რესპირატორული დაავადების გამომწვევის განსაზღვრას ერთ საათში შესაძლებელს გახდის.