მთავარი » მსოფლიო » „ახალი ტალღა უკვე არის“ – მსოფლიოში კოვიდ 19-ის მკვეთრი ზრდაა, თუმცა სიკვდილიანობა მცირდება

„ახალი ტალღა უკვე არის“ – მსოფლიოში კოვიდ 19-ის მკვეთრი ზრდაა, თუმცა სიკვდილიანობა მცირდება

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები მკვეთრად იზრდება. ახალი, ბი ეი 5 შტამის გავრცელების მაღალი უნარი უკვე აისახა სტატისტიკაზე. თუმცა არის კარგი ტენდენციაც – სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირების 132300 შემთხვევა აღრიცხა. Reuters-ის ინფორმაციით, 2022 წლის 8 თებერვლის შემდეგ ერთ დღე-ღამეში ინფიცირების შემთხვევებმა პირველად გადააჭარბა 100 ათასს.ზრდა ივნისის პირველ რიცხვებთან შედარებით ათჯერადია.

24 საათში ქვეყანაში ვირუსმა 94 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ევროპულ ქვეყნებს შორის დაავადების ყველაზე დიდი ზრდა საფრანგეთში ფიქსირდება, სადაც თვის დასაწყისში, ყოველდღიურად 20 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა. ივნისის ბოლო დღეებში კი ეს მაჩვენებელი 130 ათასამდე ავიდა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა გერმანიაში.

ბოლო ორ თვეში ინფიცირების რეკორდული ციფრები ფიქსირდება დიდ ბრიტანეთში, სადაც ერთ კვირაში 32%­-იანი ზრდაა.

დაავადებების ზრდაა ავსტრიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში.

ივნისის მონაცემებით, მაისთან შედარებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა. იანვრის შემდეგ დაავადებების ზრდა მსოფლიო მასშტაბით პირველად აღინიშნა.

დასავლეთ ევროპის გარდა, მკვეთრი ზრდაა ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნებში.

ამასთან, დადებითი დინამიკაა გარდაცვალების სტატისტიკაში: 2022 წლის მაისში მსოფლიოში 41 ათასამდე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, რაც სამჯერ ნაკლებია გასულ თვესთან შედარებით.

სიკვდილანობა  2020 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალია.

თუმცა ლეტალობის მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც ვირუსს ერთ თვეში 9,7 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 4,8 ათასი გარდაცვლილით.

მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც 2 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

კომპანია Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კოვიდის ახალი ტალღის გავრცელება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება ჩვეული რიტმით გააგრძელონ.

„ახალი ტალღა უკვე არის. მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ყველას არ გაუკეთებია მეოთხე დოზა ვაქცინა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ომიკრონის შტამი, რომლის კონტროლიც გაცილებით რთულია. როგორც ისრაელის მაგალითმა აჩვენა, ვაქცინა ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის ალბათობას,“ – განაცხადა ბურლამ ისრაელის გაზეთ The Jerusalem Post-თან საუბარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს პერორალური პრეპარატები, რომლებიც სერიოზულად ამცირებს იმის რისკს, რომ ინფიცირებულს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ექნება.

„იმ სამედიცინო საშუალებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ, ადამიანები შეძლებენ, იცხოვრონ ჩვეული ცხოვრებით,“ – განაცხადა მან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …