მთავარი » მსოფლიო » ახალი შტამი, რომელიც უკვე რუსეთშია და „დელტაზე“ უფრო გადამდებია, შესაძლოა მალე დომინანტი გახდეს

ახალი შტამი, რომელიც უკვე რუსეთშია და „დელტაზე“ უფრო გადამდებია, შესაძლოა მალე დომინანტი გახდეს

შტამი AY.4.2 ცნობილი „დელტა“ შტამის მუტაციაა. ბრიტანელი მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, რომ ის შესაძლოა 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს კორონავირუსის დელტა შტამის ძირითად ვარიანტთან შედარებით. სწორედ ეს შტამი გამოვლინდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში და მის მიმდებარედ. ამის შესახებ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის შესაბამისი უწყებები ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს.

პოპოვამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ შტამზე ბრიტანეთში უკვე კორონავირუსის შემთხვევევის 10% მოდის.

რუსულ გამოცემა „ერ ბე კას“ კი მოჰყავს ჯანმოს მრჩეველისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე ჩუმაკოვის სიტყვები, რომლის თანახმად კორონავირუსის ახალი მუტაცია მალე ჩვეულებრივ დელტა-შტამს განდევნის.

კიდევ ერთი სპეციალისტის, ჯორჯ მეისონის (აშშ) სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორი ანჩა ბარანოვა კი მიიჩნევს, რომ რუსეთში კოლექტიური იმუნიტეტი ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, რისი მიზესზიც ვაქცინაციის დაბალი ტემპები და ვირუსის ცვალებადობაა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, პროფესორ ალექსეი არგამოვსკის განცხადებით, დღეისათვის „დელტას“ საწყისი შტამის 50-მდე სახეობაა ცნობილი, თუმცა არცერთი მათგანი დღემდე არ გამხდარა კონკურენტუნარიანი რაიმე გამორჩეული თვისებების გამო.

„ვარიანტი AY.4.2, ცხადია, იმსახურებს ყურადღებას. თუკი ინგლისში COVID-19“-ით დაავადების 8-10% ამ ვარიანტს უკავშირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გავრცელების დიდი პოტენციალი აქვს,“- განაცხადა პროფესორმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო კვირაში რუსეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 37 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1064 ადამიანი. მედიკოსების შეფასებით, სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

რეგიონების ნაწილში, კლინიკებში კოვიდპაციენტებისთვის ადგილები აღარ არის. დაავადების გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტას ხელისუფლება  უქმე დღეების საშუალებით ცდილობს.

აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება და ეს გარკვეულად ახალ შტამთანაა კავშირში.

ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია,“ –  განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …