მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ახალი მიმართულება ონკოლოგიურ რადიოთერაპიაში
ცენტრი თანამედროვე მედიცინის განვითარებაზე იმუშავებს და ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად ქვეყანაში მეცნიერების უახლეს მიღწევებს დანერგავს.

ახალი მიმართულება ონკოლოგიურ რადიოთერაპიაში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს, ქრისტოფ შეფერს, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტს, ფერნანდო ფერონის, ფიზიკოს გია დვალსა და საერთაშორისო ექსპერიმენტატორ თემურ ლომთაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება სამედიცინო მხარეებზე, ასევე ონკოლოგიაში გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრები ადგილობრივი და წამყვანი კლინიკების სპეციალისტებს შორის გაიმართება. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, რადიოლოგიაში ახალი მიმართულება დაინერგება, მაღალი დონის სპეციალისტები ადგილზე მომზადდებიან და ერთი კონკრეტული დარგის განვითარებას სხვა მიმართულებების განვითარება მოჰყვება.

„ახალი კომუნიკაციები, ექიმებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადების შესაძლებლობა ევროპის წამყვან კლინიკებში – ვფიქრობ, ამ პროექტის ჯანდაცვის კუთხით, ყველაზე დიდი დადებითი მხარე არის ეს კომპლექსური შესაძლებლობები და არა საკუთრივ ტექნოლოგია, რადგან ტექნოლოგია უძლური იქნება, თუ არ იქნება კომპლექსური მიდგომა” – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გუშინ გაფორმდა.

CERN, CNAO და INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას გადასცემს. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კი სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს გამოყოფს.

მხარეები სტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კუთხითაც ითანამშრომლებენ. ცენტრი ფიზიკის, თანამედროვე მედიცინისა და სხვა დარგების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და სასწავლო პროგრამებში ჩაერთვება. იგი სხვა საკითხებთან ერთად, თანამედროვე მედიცინის განვითარებაზე იმუშავებს და ონკოლოგიურ დაავადებებთან თუ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან საბრძოლველად ქვეყანაში მეცნიერების უახლეს მიღწევებს დანერგავს.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივა ფონდ „ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ 500 მლნ ევროს შეადგენს.

medportal.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …