მთავარი » ჯანდაცვა » ახალი ფარმაცევტული კომპანიის აქტივობების შედეგად, მედიკამენტებზე ფასები შემცირდება
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები.ეს ფაქტი კონკურენციას შეუწყობს ხელს.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის აქტივობების შედეგად, მედიკამენტებზე ფასები შემცირდება

„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს ჰუმანითი ჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ. “ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით.

ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ.

დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას, ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლასა და ინდური ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობასთან დაკავშირებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ელზა ვაშაკიძეს ვესაუბრეთ:

„ყველამ იცის, რა არის ბრენდ მედიკამენტი. ხოლო ჯენერიკი გახლავთ ბრენდის ანალოგიურად დამზადებული პროდუქტი, რომელსაც არ აქვს გავლილი ის კვლევები, რაც ბრენდს. შესაბამისად, ჯენერიკისა და ბრენდის ფასები საკმაოდ განსხვავდება.

ზოგჯერ ბრენდი ათჯერ მეტიც შეიძლება ღირდეს. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ გაჭირვებულია, მოსახლეობის ნახევარი თითქმის სიღარიბის ზღვარზეა და სახელმწიფოს უწევს მათზე ზრუნვა, ჯენერიკი სწორედაც რომ კარგი და სასურველი გამოსავალია. ასეთ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ბრენდზე დახარჯოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი.

მიმაჩნია, რომ დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება არის სრულიად სწორი და კარგი. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ძალიან კარგ ჯენერიკებს აწარმოებენ. პირადად ვიცი ინდური ჯენერიკების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ძალიან ეფექტურია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებაა წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა, რადგან ბაზარზე არ მოხვდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტები.

არ შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად, თურქული კარგია და ინდური არა, ან ინდური კარგია და რომელიმე ქვრყნის ჯენერიკი – არა. მთავარია დაცული იყოს ყველა ნორმა დამზადების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს”.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითიჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …