სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში სისუფთავის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ქადაგებისას ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ციხეები ტუბერკულოზის მთავარი გამავრცელებელი ადგილი იყო.
“ძალიან მნიშვნელოვანია ციხეების მდგომარეობა. ახლა სისუფთავეა ციხეებში, მაგრამ ადრე მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გამავრცელებელი ადგილი იყო ციხე. ახლა ჩვენი ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს და ნაკლებად არის ციხეებში ტუბერკულოზი”,– აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დღეს ექიმები ამ დაავადებას კურნავენ, მაგრმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან დაავადება. მან ყველას მოუწოდა, რომ დაიცვან პირადი ჰიგიენა.