სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელი ჯანდაცვის სექტორში. თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯნდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი
ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ იგეგმება „სრულიად ახალი მოდელის, კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის დანერგვა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლინიკების მართვაში“ (1).
მსოფლიო პრაქტიკით, სხვადასხვა ქვეყნებში უმთავრესად არსებობენ შემდეგი ტიპის სამედიცინო ორგანიზაციები: სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი; კერძო, არამომგებიანი; კერძო მომგებიანი და სახელმწიფო-კერძო პარტნიორული სამედიცინო ორგანიზაციები. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2005 წლის მონაცემებით, ზოგადი პროფილის საავადმყოფოს 60 % წარმოადგენდა კერძო არამომგებიან სამედიცინო ორგანიზაციას, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოები შეადგენდა 22 %-ს, ხოლო კერძო, მომგებიანი საავადმყოფოები – 18 %-ს (2). )
ამ მხრივ, საქართველოში მხოლოდ ორი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებია წარმოდგენილი: მომგებიანი (კომერციული) ორგანიზაციები (რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ) და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები. ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ საქართველო ბევრ ასპექტში ამოვარდნილია მსოფლიო პრაქტიკიდან და მისი განვითარების გზა არ შეესაბამება არსებულ გამოცდილებას. იბადება კითხვა, რატომ მოითხოვს ჯანდაცვის სექტორი სამედიცინო ორგანიზაციების საკუთრების სხვადასხვა ფორმებს?
ჯანდაცვის ბაზარი არსებითად განსხვავდება ეკონომიკის სხვა სფეროებისაგან, განსხვავებულია ჯანდაცვის ბაზარზე მოქმედი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ქცევაც, რაც უმთავრესად დაკავშირებულია მესაკუთრეობის ფორმასთან. თუ ჩვეულებრივი ბაზრისათვის, სადაც უმთავრესად კერძო, მომგებიანი ორგანიზაციებია წარმოდგენილი, დამახასიათებელია მაქსიმალური მოგებისკენ სწრაფვა, სამედიცინო ბაზარზე გარკვეული სერვისები საზოგადოებრივი სიკეთის ნიშნებით ხასიათდებიან.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვეულებრივი ბაზრებისგან განსხვავებით, სამედიცინო ბაზარზე ჯანდაცვის სერვისების მოცულობის დადგენაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მიმწოდებელს და არა მომხმარებელს. ასეთ სიტუაციას მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა, ანუ მიმწოდებლის მიერ სტიმულირებული მოთხოვნა ეწოდება.
აღნიშნულის და ბევრი სხვა ფაქტორების გამო, სამედიცინო ბაზარზე წარმოდგენილია სამედიცინო ორგანიზაციების სხვადასხვა ინსტიტუციური ფორმები. მკვლევართა აზრით, სამედიცინო ბაზარზე ოგანიზაციათა ინსტიტუციური ფორმების ასეთი მრავალფეროვნება აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის ნორმალური ფუნციონირებისათვის.
სტატიაში საუბარი გვექნება ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუციური ფორმის, სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორობის შესახებ. ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორობა არის სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის თანამშრომლობა ჯანდაცვის განვითარების პრიორიტეტული ამოცანების განსახორციელებლად, სარგებლების, ხარჯების და რისკების ერთმანეთს შორის განაწილების მეშვეობით, გრძელვადიანი, ნებაყოფლობით პრინციპებზე.
საქართველოსათვის განსაკუთრებით აქტუალურია ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის განხორციელება. იგი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც სახეზეა ჯანდაცვის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება, ხარჯების შეკავების მიზნით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრაქტიკის ფორმირება და განვითარება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ეკონომიკური ეფექტურობა უმთავრესად ძალიან დაბალია.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ძირითადი მახასიათებლებია:
- სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების სარგებლების, რესურსების, რისკების, პასუხისმგებლობის ერთმანეთს შორის განაწილება;
- სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთთანამშრომლობით;
- სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი ხასიათი;
- სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის სამართლებრივად გამყარება;
- პარტნიორულ თანამშრომლობაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა;
- კერძო ბიზნესის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობა.
ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ლიდერებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპებზე განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი, რაც შეადგენს დაფინანსებული პროექტების დაახლოებით 22 %-ს (მათ შორის 611 მილიონი დოლარის ღირებულების საავადმყოფოს მშენებლობა, ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია).
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ადასტურებს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთქმედების ასეთი ფორმატის გამოყენების ეფექტურობას და პერსპექტიულობას.
ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობის მთავარ სფეროებს წარმოადგენენ:
1. სამედიცინო მომსახურების გაწევა. სახელმწიფოს არ აქვს სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეების მაღალი ხარისხით გაწევის საწარმოო და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რის გამოც, სახელმწიფო შეკვეთების შესასრულებლად მიზანშეწონილია კერძო სამედიცინო ორგანიზაციებთან ხელშეკრულების დადება. კერძო სამედიცინო დაწესებულებები დაინტერესებულები არიან სახელმწიფოსთან ასეთი თანამშრომლობით, რადგან იგი მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ თავიანთი ცნობადობა და მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი ადამიანები.
მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ხშირად არ ფარავენ სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივ ხარჯებს და კერძო ბიზნესისათვის მას შესაძლოა არ ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევისას კერძო პარტნიორი ვარაუდობს, რომ პაციენტმა შეიძლება დამატებით შეიძინოს ფასიანი სამედიცინო მომსახურება.
თავის მხრივ, სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია შეზღუდული რესურსები, ცდილობს სახელმწიფო-კერძო პარტნიორული თანამშრომლობის შედეგად მოსახლეობამ მიიღოს როგორც სახელმწიფო, ასევე ფასიანი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, გასათვალისწინებელია, სახელმწიფო შეკვეთის განსახორციელებლად კერძო სამედიცინო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის საფუძველზე, სადაც ყურადღება მიექცევა სამედიცინო მომსახურების სათანადო ხარისხით გაწევას და მასზე მონიტორინგს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორული თანამშრომლობა, ჩვეულებრივ, შემოიფარგლება სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წლიური (ხანმოკლე) კონტრაქტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ სამედიცინო მომსახურების არასათანადო გაწევისას კონტრაქტი გაუქმდეს.
2. ქონების იჯარით გაცემა. სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი საშუალებაა სახელმწიფო ქონების იჯარით გაიცემა. ამ დროს სახელმწიფო ახდენს მის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აღჭურვილობების იჯარით გაცემას კერძო ბიზნესზე. თუმცა, შენობების და მოწყობილობების სიჭარბე შეიძლება გააჩნდეს კერძო სამედიცინო ორგანიზაციებსაც. ამ შემთხვევაში, მოიჯარე შეიძლება იყოს სახელმწიფო. საკუთრების იჯარით გაცემას შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ხასიათი.
3. პერსონალის დაქირავება (აუთსტაფინგი) – კერძო კომპანიის მიერ კონკრეტული პროექტის შესასრულებლად შტატგარეშე პროფესიონალების მოზიდვა, რომელთაც აქვთ საჭირო ცოდნა, უნარები და გამოცდილება.
4. აუთსორსინგი. როდესაც სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაცია გარკვეულ საქმიანობას (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვა) უფრო ძვირად ახორციელებს, ვიდრე კერძო ბიზნესი, მიზანშეწონილია მათი გადაცემა, ანუ აუთსორსინგი. ზოგიერთ შემთხვევაში, აუთსორსინგს შეიძლება გადაეცეს კვების მომსახურება, სამრეცხაოს მუშაობა, შენობების და აღჭურვილობა-დანადგარების, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოებები და შენახვა.
სამედიცინო ორგანიზაციების აუთსორსინგი შეზღუდულია 1 წლის ვადით. თუმცა, იგი შეიძლება იყოს გრძელვადიანიც (15-20 წელი), რაც შესაძლოა უფრო ხელსაყრელი იყოს, რადგან პირველი წელი აუთსოსერისგან მოითხოვს დიდ ინვესტიციებს და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოაქვს მას ეკონომიკური სარგებელი.
მკვლევართა აზრით, აუთსორსინგის მთავარ სარგებლებს წარმოადგენენ:დროის დაზოგვა, გადაცემული ფუნქციების (სერვისების) უფრო მაღალი ხარისხი, რომლის უზრუნველყოფა ხდება შედარებით ვიწრო სპეციალიზაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ კრედიტების მიღების შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში აუთსორსერის რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა, სამედიცინო ორგანიზაციის რესურსების გამოთავისუფლება სხვა მიზნებისთვის…
5. ფინანსური თანამშრომლობა. სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორობის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობა გულისხმობს კერძო კაპიტალის მოზიდვას სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად, ჯანდაცვაში სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად კერძო სამედიცინო ბიზნესისათვის გრანტების მიცემას, სახელმწიფო სამედიცინო ორგანიზაციებში კერძო ბიზნესის მიერ ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანების განხორციელებას (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა), სახელმწიფოს მიერ კერძო სამედიცინო ორგანიზაციების პირდაპირი ინვესტიციები და შედეგად საწესდებო კაპიტალში წილის მიღება (ერთობლივი სამედიცინო ორგანიზაციების შექმნა – სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალური ფორმა).
ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორული თანამშრომლობა ეფუძნება თითოეული მხარისათვის დამახასიათებელ უპირატესობებს. სახელმწიფოს მხარე ფლობს მინიმალურ ბაზისურ პაკეტს, კერძო პარტნიორს გააჩნია რესურსების (ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური, ფინანსური) ეფექტურად მართვის, რაციონალური გამოყენების უნარები. ამდენად, სახელმწიფოს და ბიზნესის თანამშრომლობა ჯანდაცვის სექტორში აერთიანებს თითოეული პარტნიორის ძლიერ მხარეებს.
სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის პარტნიორული თანამშრომლობისათვის საჭიროა თითოეულ მხარეს გააჩნდეს საერთო ინტერესები.
სახელმწიფოსათვის კერძო ბიზნესთან პარტნიორული თანამშრომლობის მთავარ სარგებელს წარმოადგენს:
- შესაძლებელია შემუშავდეს ჯანდაცვის განვითარების ისეთი სტრატეგია სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი არ არის ცალ-ცალკე გამოყოფილი და ერთადაა წარმოდგენილი;
- ფინანსური რესურსების მოზიდვა;
- ფინანსური და საოპერაციო რისკების შემცირება;
- ჯანდაცვაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
- ჯანდაცვაში სახელმწიფო კაპიტალდაბანდებების შემცირება, შესაბამისად, სახსრების გამოთავისუფლება ჯანდაცვის სექტორის სხვა პრიორიტეტებზე;
- სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესება ხარისხის დაქვეითების გარეშე ხარჯების შემცირების გზით;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პერსონალის გადაყვანა სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან კერძოში;
- ჯანდაცვის ობიექტებზე საკუთრების უფლების შენარჩუნება (კერძო პარტნიორზე გადაცემისას).
კერძო ბიზნესისათვის სახელმწიფო ორგანიზაციასთან პარტნიორული თანამშრომლობის მთავარ სარგებელს წარმოადგენს:
- ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო აქტივების და რესურსების კერძო სექტორისათვის ხელმისაწვდომობა;
- ბიზნესის განვითარების სტაბილურობა (განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში ფულადი ნაკადების გარანტიებზე სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის განხორციელებისას)
- ჯანდაცვის ინოვაციურ პროექტებზე სახელმწიფო მხარდაჭერა.
- ფინანსური ტვირთის განაწილება, როდესაც სახელმწიფო ახდენს ჯანდაცვის ერთობლივ პროექტში სახსრების ნაწილის ინვესტიციას.
შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში, ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის და სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით სახელმწიფო ცდილობს ხელშეკრულებების დადებას კერძო დაწესებულებებთან. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ასევე მასზე ხელმისაწვდომობას.
ბიბლიოგრაფია:
- დავით სერგეენკო. “პირველადი ჯანდაცვა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს”. Ipress.ge
http://ipress.ge/new/4396-davit-sergeenko-pirveladi-jandacva-seriozul-reformas-sachiroebs
- American Hospital Association. Hospital Statistics, various editions: 1986, 1995-96, 2007. Chicago: AHA
თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯნდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი.