ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილა ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ს პრესკლუბში „ჰუმანითი ჯორჯიას“ ხარისხზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ გამოიწვია ამ ერთი კომპანიის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლამ ამხელა აჟიოტაჟი. იმის ფონზე, რომ ამ ეტაპისათვის ფუნქციონირებს 5 ათასამდე ფარმაცევტული დაწესებულება, მათ შორის 1300-მდე საბითუმო დისტრიბუტორი.
„რაც შეეხება ჰუმანითი ჯორჯიას სავაჭრო ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ მყოფ ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დოკუმენტალური ექსპერტიზის შედეგად არ არსებობს იმის თქმის არანაირი საფუძველი, რომ ამ პროდუქციის ხარისხის მიმართ კიდევ იყოს რაიმე კითხვის ნიშნები.
ჰუმანითი ჯორჯიას სავაჭრო ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ საქართველო ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლების უმრავლესობა ფლობს საერთაშორისო GMP სტანტარტს, რაც არის იმის გარანტი, რომ მათ მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი არის ხარისხიანი. ჰუმანითი ჯორჯიას მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო დოკუმენტაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია იმისა, რომ ამ კომპანიის მიერ შემოტანილი პროდუქციის უხარისხობაზე ვისაუბროთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, ასევე ისაუბრა ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი პროდუქტის ფასზე და და განმარტა, რომ რადგან კომპანიამ რეალურად დაწია ფასები მედიკამენტებზე, მას აქვს რესურსი, რომ ფასწარმოქმნის დროს გაუწიოს კონკურენცია სხვა კომპანიას და დაწიოს ფასი.
„ფაქტია, რომ სახელმწიფომ დადო პირობა მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით, რაც სახეზეა. ადრე ოპონენტები აპელირებდნენ, რომ მედიკამენტები ძალიან ძვირდებოდა და სახელმწიფოს არ ჰქონდა ამის კონტროლის მექანიზმი.
ბუნებრივია, სახელმწიფოს არ შეუძლია ფასნამატის დარეგულირების კუთხით ხელოვნურად ჩარევა, ამიტომ სახელმწიფომ აირჩია სხვა გზა, კონკურენციის გაზრდის საფუძველზე უფრო გაშალოს ბაზარი, რამაც რეალურად მიგვიყვანა ფასების შემცირებისკენ. შედეგი სახეზეა. რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დაადასტურა, რომ ნამდვილად შემცირდა მედიკამენტების ფასები.
ზოგიერთი დასახელების პრეპარატზე 30%-ითაც კი. სახელმწიფო თავის დანაპირებს ასრულებს, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფასის კლება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ხარისხის ხარჯზე. პირიქით, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ წამლების ხარისხიანობაში იყოს დარწმუნებული“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე განმარტებით, იგი კარგად იცნობს ჰუმანითი ჯორჯიასა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ჰუმანითი ჯორჯია გარდა იმისა, რომ წარმოადგენს მწარმოებლის მიერ გაცემულ ხარისხის სერტიფიკატს, ასევე აქვს აღებული ვალდებულება, რომ თავისი სავაჭრო ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ არსებული პროდუქტის ხარისხს გადაამოწმებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ ევროპულ ლაბორატორიაში.
„ეს არის კიდევ ერთი დამატებითი გარანტია იმისა, რომ მათი პროდუქცია არის ხარისხიანი. ასევე, მათ მიერ შემოტანილი თუ მომავალში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს თავად ჯანდაცვის სამინისტრო გადაამოწმებს როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებში, როგორც კი გაიზრდება მათი პროდუქციის რაოდენობა“,- განაცხადა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა.
Jandacva.ge-ის პრესკლუბი ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. პრესკლუბის მიზანია, უზრუნველყოს მედიის მაქსიმალური ჩართულობა ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დავით მაჭარაშვილის სტუმრობით დღეს პრესკლუბი ოფიციალურად გაიხსნა.