ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა, თუმცა საერთო ევროპულ მაჩვენებლთან მიმართებაში კვლავ საგანგაშოდ მაღალია.
მხოლოდ 2015 წელს 0-დან 6 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა 2016 წლის 23 თებერვალს ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების წინადადებით საქართველოს მთავრობას მიმართა.
წინადადების მომზადებისას კი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატმა ბავშვთა უფლებების ცენტრის ანალიზის მიხედვით იხელმძღვანელა, რომელმაც ევროპის 10 ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეკომენდაციები წარადგინა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რეკომენდაციაში სახალხო დამცველი ითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით.
“საჭიროა ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობასა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას. მათ შორის დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის, დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაღლდეს მედპერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.