ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, მამუკა მახათაძე სოციალურ კამპანიას ,,რა გაწუხებთ?“ დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ მთავარია, რამდენად ახლოს იქნება შედეგები არსებულ რეალობასთან.
სოციალური კამპანიის იდეა ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალურ ალიანსს“ ეკუთვნის და მისი მიზანია მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინება მიმდინარე პროგრამების განხორციელების პროცესში.
,,პირადად არ მიმიღია გამოკითხვაში მონაწილეობა. რამდენად მოცულობითია კვლევა, არ ვიცი, თუმცა, ცნობილია, რომ ამ ტიპის გამოკითხვას არაერთი ქვეყანა მიმართავს. საინტერესოა, შედეგები რამდენად ახლოს იქნება არსებულ რეალობასთან. კარგია, რომ პერსონების დონეზე მივიღებთ ინფორმაციას, კონკრეტულად რა აწუხებს საზოგადოებას ჯანდაცვის კუთხით,“– აღნიშნავს მამუკა მახათაძე.
ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს სტრატეგიას სოციალურად ორინტირებულს უწოდებს. მისი თქმით, სახელმწიფომ პოლიტიკურად სწორი გზა აირჩია და მხარში უდგას თავის მოქალაქეებს:
,, საყოველთაო დაზღვევამ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მოქალაქეებს ძალიან დიდი შეღავათი მისცა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერი უწყების, ამ შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკაზე, წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რა აწუხებს ხალხს. ვფიქრობ, მოსახლეობის ყველაზე დიდი წუხილი ჯანდაცვის სერვისებზე მაღალი ფასებია. თუ მოხერხდება ფასების დაწევა, კარგი იქნება. კვლევებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში ძალიან მაღალია მედიკამენტებზე დანახარჯები. ესეც გამოსასწორებელია.
გარდა ამისა, შეინიშნება ტენდენცია, რომ პაციენტებს გადაჭარბებული რაოდენობით უნიშნავენ მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში პრობლემას ქმნის ექიმის დაინტერესება, ან მისი არაკომპეტენტურობა. მაგალითად, სინგაპურში წამლების პირდაპირი მარკეტინგი აკრძალულია. ჩვენთან მოქმედებს რეკლამა – ნახავს ადამიანი რეკლამას, მივა აფთიაქში და მოითხოვს ყიდვას, ან ექიმს მოსთხოვს, რომ გამოუწეროს,“– განუცხადა jandacva.ge-ს მახათაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ქვეყანაში არსებობს სერვისებისა და მედიკამენტების ფასების გარკვეული სტანდარტები მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით. ჩვენთან მოსახლეობა თავისი ჯიბიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდ თანხას იხდის წამალში. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას სამინისტრო და ამ მიმართულებით აქტიურად მოუწევს მუშაობა.