მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები მეტად წარმატებული იქნება
ჰეპატოლოგი კახა ჩომახიძე მიიჩნევს, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება რეფორმას იყოს წარმატებული, რადგან ის იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები მეტად წარმატებული იქნება

გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ გლობალ ალიანსის“ ინიციატივით წამოიწყო სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?“.

ჰეპატოლოგი კახა ჩომახიძე ეხმაურება აღნიშნულ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება რეფორმას იყოს წარმატებული, რადგან ის იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. 

„ჩემი აზრით, „რა გაწუხებთ?“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელებულ რეფორმას ეს წარმატებაში დაეხმარება, რადგან მოსახლეობის აზრი იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები უფრო წარმატებული იქნება“, – მიიჩნევს კახა ჩომახიძე.

მედიკოსი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია.

„პრობლემებზე მოუფიქრებლად საუბარი რთულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მიმართულებით რა პრობლემაც იყო, ის პრაქტიკულად, მოგვარების გზაზეა. ვგულისხმობ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ექიმების ანაზღაურება. ეს ჯერჯერობით ყველაზე მოუგვარებელი პრობლემაა და თუ ამასაც გაითვალისწინებს ჯანდაცვის რეფორმა, კარგი იქნება.

მოდით, ესე ვთქვათ, ჯანდაცვის რეფორმის შემთხვევაში სამი რგოლი უნდა იყოს დაკმაყოფილებული: სახელმწიფო, ექიმი და პაციენტი. ჯერჯერობით, სახელმწიფო და პაციენტია უფრო კმაყოფილი, ვიდრე ექიმი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ზრუნვაა საჭირო“, – განაცხადა კახა ჩომახიძემ.

პრობლემების პარალელურად მან გამოყო ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში არსებული მიღწევებიც.

„რაც შეეხება მიღწევებს, რასაკვირველია, ასეთებიც იყო. ვახსენე უკვე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ასევე, არ შეიძლება არ გამოვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისათვის“, – ამბობს კახა ჩომახიძე.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …