პირველი, არ მომწონს, როდესაც მთავრობა რომელიღაცა ფავორიტ კომპანიას ირჩევს და ცდილობს, შეუქმნას სასათბურე პირობები და ამას ამართლებს პაციენტებზე ზრუნვით და მედიკამენტებზე ფასების დაწევით.
არ მომწონს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიზღუდოს ყველა ის მიღწევა, რომელსაც 2009 წლის კანონმდებლობა გვაძლევდა – ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს პაციენტებს. ამის მაგალითი მე მაქვს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შედიან ასეთი კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობენ, როგორც წესი, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვით.
როგორც წესი, ამას კარგი შედეგები არ მოაქვს და როგორც წესი, ამას მოაქვს ხოლმე შედეგი – მხოლოდ კონკურენციის შეზღუდვის. რატომ არ გვინდოდა, რომ ქართულ კომპანიებს გაემარჯვა, ვინც ჩვენთან დიდი ხანია მუშაობს, ის უმძიმესი წლები გამოიარეს და მართლა, შავი ბაზრიდან შექმნეს წამლის ორგანიზებული, ცივილური ბაზარი?
მინდა, გითხრათ, რომ დღეს წუნდებული და უხარისხო საქონელი უფრო ნაკლებია ჩვენს ბაზარზე, ვიდრე იყო კანონის მიღებამდე. არც ერთი კვლევა არ არსებობს ჩემს წინააღმდეგ. სამაგიეროდ, არსებობს სტატისტიკა, რომ პროცენტულად ევროკავშირში რეგისტრირებული წამლების წილი გაიზარდა. გაიზარდა იმ მედიკამენტების სია, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში მოქმედი ფარმაცევტული სააგენტოების მიერ.
პირველი წლების განმავლობაში, როგორც კი გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი, როგორც კი აღარ მოხდა მონოპოლიური ხელშეკრულებები, როგორც კი საცალი ბაზარზე დაუშვეს ახალი მოთამაშეები, მაშინვე მნიშვნელოვნად დაეცა წამლების ფასი, დღეს გვაქვს საპირისპირო პროცესი და მე ნამდვილად არ მინდა, რაღაც ფორმით დავეთანხმო ამას.
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფალი კონკურენცია, თავისუფალი ბაზარი, როცა მთავრობა თავის საქმეს აკეთებს და არ ახდენს ფავორიტი კომპანიების მხარდაჭერას, ყოველთვის უფრო უკეთესი შედეგის მომტანია.